მნიშვნელოვანისიახლეები

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს პოლიციის მიერ მის მიმართ ძალადობაზე წერს

შსს აქციაზე ოთხი პირის დაკავებას ადასტურებს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ, 28 მარტს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, განყოფილებაში ოლიგარქის პოლიციის მიერ მის მიმართ ძალადობაზე წერს.

“ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების ან შემთხვევების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი.

ამასთანავე, ამჯერად გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, ჩემი დაკავების დროს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მე თუ ასე მომექცნენ, უამრავ ადამიანს კიდევ უფრო უარესად შეიძლება მოეპყრონ. ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, საჯაროდ საუბარი სოლიდარობა და ერთმანეთის დაცვა არის ბრძოლის იარაღი.

მოკლედ, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.

კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი.

აქაც მაგრად ვაწვალე, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემს თავზე გესაუბრებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქმეს ასე სჭირდება და ჩემს პირად დისკომფორტს გადავაბიჯე.

კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია.

მადლობა მხარდაჭერისთვის!” – წერს ხოშტარია.

ადვოკატის ინფორმაციით, ხოშტარია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია იზოლატორში რჩება. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.

ამ დროისთვის უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავების საქმეზე.

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

“შემიძლია ვთქვა, რომ ელენე ხოშტარიას დაკავების საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის პირველი ნაწილია, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ელენე თავს მხნედ გრძნობს და თვლის, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და ეს სახელმწიფოს იმ რეპრესიული მექანიზმის გაგრძელებაა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იყენებს და იყენებს, ყველას წინააღმდეგ, ვინც პროტესტში მონაწილეობს”, – თქვა ზაქარაშვილმა.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ოთხი პირი – ამის შესახებ მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში 29 მარტს განუცხადეს.

ორი პირი დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა,
ერთი პირი 173-ე მუხლითა და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს;
კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე მუხლით – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

28 მარტს, ღამის 11 საათისთვის გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ორი პირი. თაკო კურატიშვილმა და ლილუ შაველაშვილმა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი პროტესტის დროს დააკავა.

თაკო კურატიშვილს 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდით მდებარე ტროტუარზე, ხელში საპროტესტო პლაკატი ეჭირა წარწერით: „ანწუხელიძე უკვდავია“.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კომისიის მორიგ სხდომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თემატიკას შეეხებოდა. კომისია ცდილობს, რომ ომში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ბრალეულობა გამოკვეთოს.

მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია სხდომაზე დასმულმა შეკითხვებმა, რომლებიც ომის დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ქართული მხარის დადანაშაულების მინიშნებებს შეიცავდა. მათ პარლამენტის შესასვლელთან აქციის გამართვა სხდომის პარალელურად, სპონტანურად დაგეგმეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button