მდინარაძემ 4 მთავარი პუნქტი ჩამოთვალა რომლებიც EU-ში გაწევრიანებისთვის ქვეყანას მოამზადებს

“ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი”
ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვასაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერს:
მდინარაძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე ის პუნქტები ჩამოთვალა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანას მოამზადებს.
როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის იქნება მზად.
“ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვასაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს:
1. ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი.
2. 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის.
3. 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს არ იყოს მუდმივი შანტაჟის მექანიზმი ვინმეს მხრიდან და წყნარად შევძლოთ შესაბამისი რეფორმების გატარება და ქვეყნის განვითარება.
4. ამავე მიზეზით უარს ვამბობთ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებით დაფინანსებაზე და ამ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.
რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს,”- წერს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.