მნიშვნელოვანისიახლეები

4:2-საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, მან საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში, ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს. ევრო 2024-ის ფინალურ ნაწილში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად იქნება ჯგუფში. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი 30 წუთი ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველომ გაიმარჯვა.

დღეს, 25 მარტს თბილისის დინამოს ეროვნული სტადიონი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას მასპინძლობდა.

მანამდე, 21 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. დღეს ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა უკრაინის ნაკრებმაც, რომელმაც პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ანგარიშით 2:1 დაამარცხა ისლანდიის გუნდი.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

ევროპის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება გერმანიაში. ევრო 2024-ის მატჩებს უმასპინძლებს ათი ქალაქი: ბერლინი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, კიოლნი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილე გუნდებს შორის არ იყო რუსეთი, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების გამო აეკრძალა მონაწილეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button