მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 137 დღე ახლო აღმოსავლეთში-ომის დაწყებიდან ანკლავში 29,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციაში აშშ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითხოვს

ახლო აღმოსავლეთში ომი 137 დღეა. ისრაელის საჰაერო თავდასხმისას, ცენტრალურ ღაზაში, ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ანკლავში 29,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, რასაც წინ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრაზილიის ელჩის დაბარება უსწრებდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ღაზაში ისრაელის ომი ჰოლოკოსტს შეადარა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, “ჰეზბოლას” იარაღის საცავზე ლიბანში, ქალაქ სიდონთან სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ჩრდილოეთით ისრაელის ქალაქ არბელში დრონებით თავდასხმის საპასუხოდ.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა “ჰუსიტების”, ადენის ყურეში გემებზე თავდასხმები განახორციელეს. დაჯგუფებამ თავდასხმა ორ ამერიკულ გემზე მიიტანა. გასული 24 საათის განმავლობაში, ამ თავდასხმების რაოდენობა 4-მდე გაზარდა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღაზაში ცეცხლი შეწყდება, აგვისტომდე შესაძლოა, 8 000 ადამიანი დაიღუპოს, – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი და ამერიკელი მკვლევრების დასკვნაში.

კვლევის მიხედვით, ბრძოლის შედეგად ღაზის საავადმყოფოები განადგურებულია, 2,3 მილიონიანი მოსახლეობის 85% უსახლკაროდ დარჩა, იზრდება ისეთი დაავადებების შემთხვევები, როგორიცაა დიარეა, გადატვირთულია თავშესაფრები.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის, ასევე ჯონ ჰოფკინსის ცენტრის აკადემიკოსების მოხსენებაში საუბარია მომდევნო ექვსი თვის პროგნოზზე და ის მხოლოდ ღაზაში არსებულ სიტუაციას მოიცავს, რადგან ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები ხელუხლებელია.

მოხსნების მიხედვით, თუ ბრძოლები გაგრძელდება ან გამწვავდება, არასრულფასოვანი კვებით, ინფექციური დაავადებების ზრდით, მედიკამენტების არარსებობით, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ისრაელმა 20 თებერვალს საჰაერო თავდასხმები განახორციელა ღაზაზე, იმ ფონზე, როცა ქვეყნები ცდილობენ საზავო შეთანხმების შემუშავებას გაეროს უშიშროების საბჭოში დანიშნულ კენჭისყრამდე – რომელსაც, გავრცელებული მოლოდინით, აშშ ვეტოს დადებით დაბლოკავს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამავე ტექსტში ვაშინგტონი აფრთხილებს ისრაელს, არ დაიწყოს შეტევა ქალაქ რაფაჰის მიმართულებით, სადაც ღაზის მილიონზე მეტი მცხოვრები აფარებს თავს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აშშ თავს იკავებდა რეზოლუციებში ტერმინ „ცეცხლის შეწყვეტის“ გამოყენებისგან. აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე მოლაპარაკებები გაერო-ში ამ კვირაში დაიწყება, თუმცა ჯერ უცნობია, როდის გაიმართება კენჭისყრა.
გაერო განგაშით გამოდის ღაზაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარების გამო და აცხადებს, რომ საკვების დეფიციტს შესაძლოა მოჰყვეს ბავშვთა სიკვდილიანობის “აფეთქება”.

ოთხ თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად მიწასთანაა გასწორებული ღაზის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 2,2 მილიონი ადამიანი შიმშილის პირასაა, მოსახლეობის სამი მეოთხედი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა – აცხადებს გაერო.
ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ რაფაჰზე შეტევის გარეშე ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ წამოწყებული ამოცანები ვერ შესრულდება. ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რაფაჰზე იერიში 10 მარტს დაიწყება, თუ მანამდე „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ ყველა პირს არ გაათავისუფლებს.
ომი დაიწყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმით 7 ოქტომბერს, რასაც 1160-მდე ადამიანი შეეწირა – ძირითადად სამოქალაქო პირები. ტყვედ წაიყვანეს 250-მდე პირი, მათგან 130 ღაზაში რჩება, ისრაელის მონაცემებით სავარაუდოდ დაღუპულია 30 ტყვე.

ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა ბოლო მონაცემებით, ისრაელის საპასუხო შეტევას ემსხვერპლა სულ მცირე 29,195 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

მსგავსი პოსტები

Back to top button