ჯუგაანში მოკლული ქალის ოჯახი, ბრალდებულის სახლში გაჩენილ ხანძართან კავშირს უარყოფს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მოკლული ქალის ოჯახი, ბრალდებულის სახლში გაჩენილ ხანძართან კავშირს უარყოფს.
გარდაცვლილი ლეილა ბეგიაშვილის ვაჟი, მიხეილ ზედელაშვილი ამბობს, რომ მამუკა მოკვერაშვილის სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ, მეზობლებთან ერთად შეიტყო.
” მეც ისე გავიგე, როგორც დანარჩენმა მეზობლებმა. ასე ათი წუთით გამოვედი სახლიდან და მერე აღარ დავინტერესებულვარ, რა ხდებოდა. ან რატო უნდა დამეწვა, რა აქვს შიგნით დასაწველი, არავითარი კავშირი ამ ხანძართან არ მაქვს“- განაცხადა ზედელაშვილმა.
ხანძარი, მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელ სახლს, 30 იანვარს, ღამით გაუჩნდა.
სახანძრო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს.ცეცხლმა სახლის სახურავი და კარ- ფანჯარა დააზიანა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სამართლადამცავებმა უნდა დაადგინონ, რომლებმაც საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ დაიწყეს.
პოლიციამ უკვე დაკითხა პირი, რომელმაც ხანძრის შესახებ შეტყობინება 112-ს გადასცა.
თავად მამუკა მოკვერაშვილს, დღეს, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, შეუფარდა.