პაციენტი N 1 კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან პაციენტი N 1 საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსზე მეორე პაციენტის პირველი ტესტიც უარყოფითია, თუმცა მას კიდევ განმეორები ანალიზი უნდა ჩაუტარდეს.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 28 კორონავირუსით არის ინფიცირებული.
“28 პაციენტიდან პნევმონიით გვყავს 8 პაციენტი. აქედან, 4 მძიმე პნევმონიით ფასდება, თუმცა სტაბილური სიტუაციაა და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი არ იქნება, დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ წავალთ,” – აღნიშნა ეზუგბაიამ.
16 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 33 შემთხვევა.
კარანტინის რეჟიმშია 637, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.