მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა.მიხეილ სააკაშილი ამბობს, რომ თუ მისი მოთხოვნები იანვრის ბოლომდე არ შესრულდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მივიდა. შოთა თუთბერიძე პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მოინახულებს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას ხვალიდან არ დაიწყებს. მისი თქმით, ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას იანვრის თვეში ელოდება.

მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი “ემპათია”, კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები. ამ ჩამონათვალს დაემატა ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნაც.

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ისევ არ ეძლევათ კომფიდენციალურობის დაცვით შეხვედრის და საუბრის საშუალება. ის “ადვოკატთა ასოციაციას” სთხოვს აღნიშნულზე რეაგირება ჰქონდეთ, რადგან ეს ნებისმიერი უფლებადამცველის პრობლემაა.

შოთა თუთბერიძის ხმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეხვდა მისი თანაგუნდელი, მირდატ ქამადაძე. პოლიტიკოსმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან კონკრეტულ გეგმაზე პოზიციები მოისმინა, ხოლო უფრო მეტი დეტალი მომავალში გახდება ცნობილი.მისი თქმით, როგორც ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, ამ შემთხვევაშიც საზოგადოებისთვის ყველაფერი წინასწარ იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების მიმართ წაყენებული ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოითხოვს, აღუდგეს ზარების განხორციელების უფლება; ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები და უცხოელი ექსპერტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას აანონსებს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატები ამბობდნენ, რომ კომუნიკაციას პირისპირ ვერ ახერხებდნენ, ვერ ცვლიდნენ წერილობით ინფორმაციას, რადგან აღმართული იყო მინის ბარიერი.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე – 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო უფლებამოსილების გადამეტების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button