მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ნათესავებს მაგრამ არ უხსენებია საქართველოს მთავრობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის” ანგარიშზე გამოეხმაურა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიას. მან პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს, მაგრამ არ უხსენებია საქართველოს მთავრობა.

„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 25-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთვება ჯარიც. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button