მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ის ამას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს

20 მაისს სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრიდან გააბრუნეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი. ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“.

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გმობს ჟურნალისტის საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების გადაწყვეტილებას.

უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 45 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული, ქვეყანაში შესვლაზე უარი კი ახსნა-განმარტების გარეშე, კანონის ბუნდოვანი ჩანაწერით – „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ – აუხსნეს. მას არ აქვს წვდომა თბილისში დატოვებულ პირად ნივთებზე.
“სამშაბათს ღამით არ მომცეს საქართველოში შემოსვლის უფლება – ქვეყანაში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო. ოფიციალური მიზეზი იყოს “სხვა”, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩემი აპრილის თვის გამგზავრებას ახლდა თან, ნათელია, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ქვეყანაში ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება”, – წერს ის X-ზე.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) წერს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში “პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების კიდევ ერთი მაგალითია” და “პოლიტიკურად მოტივირებულია”, რომელიც “დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს”.

ასევე „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აღნიშნავს, რომ უილ ნილის საქართველოში არშემოშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ მასალას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებების მხრიდან „ცილისწამებლური კამპანია“ მოჰყვა.
RSF წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სიძულვილის კამპანიას მის მიმართ, რომელიც აპრილში დაიწყო მას შემდეგ, რაც უილ ნილის საგამოძიებო სტატია ბრიტანულ გამოცემა Byline Times-ში გამოქვეყნდა. საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსკოვთან კავშირებზე წერს, ასევე სანქცირებული რუსი ოლიგარქის რომან აბრამმოვიჩის და ტვ იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგის Hunnewell Partners-ის სავარაუდო კავშირზე.

RSF მიუთითებს სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომლებმაც უილ ნილს დიფ სთეითთან კავშირში მყოფი უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, სამთავრობო ტვ იმედმა კი ის მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

მიმდინარე წლის 31 მარტს ბრიტანულმა Byline Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ახლო ბიზნესპარტნიორის, Hunnewell Partners-ის რუსულ კავშირზე. Hunnewell Partners-ი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის კომპანიაა. მისი საკუთრებაა ტელეკომპანია „იმედიც“.

მსგავსი პოსტები

Back to top button