ირანის ახალ პრეზიდენტის ფიცის დადებას პრემიერი კობახიძეც დაესწრო მან ,,წარმატებები უსურვა,,
კობახიძის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

30 ივლისს, მასუდ ფეზეშკიანმა ფიცი დადო, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც მან ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ამ თვის დასაწყისში. 28 ივლისს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ფეზეშკიანს და დაავალა, ყურადღება გაემახვილებინა ურთიერთობების განვითარებაზე ირანის მეზობლებთან და არა დასავლეთის ქვეყნებთან მას შემდეგ, რაც ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, მოელაპარაკოს დასავლეთს. ზომიერმა რეფორმისტმა ფეზეშკიანმა, 69 წლის ყოფილმა კარდიოქირურგმა, 5 ივლისს, არჩევნების მეორე ტურში, ხმების თითქმის 54 პროცენტით დაამარცხა ულტრაკონსერვატორი, საიდ ჯალილი, რომელმაც ხმების 44 %-ზე ცოტა მეტი მიიღო.
ისლამური რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც დაინიშნა მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ასევე ერთად პირველი ვიცე-პრემიერი – ლევან დავითაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ცნობისთვის ეს კობახიძის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერს თავდაპირველად ჯერ სამძიმარი გამოეხატა, შემდეგ კი “ლხინში” ყოფილიყო ირანის ლიდერის გვერდით.
“როგორც თავად ტრაგიკული ფაქტი დაღუპვისა მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ქართველი ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი. ასევე, რა თქმა უნდა ინაუგურაციაც არის მომენტი, როდესაც, განსაკუთრებით, როცა ეს სამეზობლოს ეხება და ჩვენ სამეზობლოს ეხება, აქაც იქნას გამოხატული შესაბამისად თანადგომა ინაუგურაციის დროს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად. ასევე იქ, როგორც ვიცით იქნებიან სომხეთის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი. ანუ ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს, რომელიც რა თქმა უნდა გვავალდებულებს ჩვენ როგორც ერს და ქვეყანას, რომ შესაბამისი თანადგომა ჭირში და გვერდში დგომა ასევე ლხინში, თუ ინაუგურაციაშიც გამოვხატოთ,” – განაცხადა პაპუაშვილმა.