მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოშია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ოსტინმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აშშ საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია.

როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. საელჩოს თანახმად, ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.

არ გამოირიცხება თავდაცვის და დეოკუპაციის მიმართულებით გაჩნდეს ახალი შესაძლებლობებიც. საქართველოდან ოსტინი რუმინეთსა და უკრაინას ეწვევა.

ლოიდ ჯეი ოსტინის ევროპაში ვიზიტი ბრიუსელში, NATO-ს სამიტით დასრულდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button