ლატვიისა და რუსეთის საზღვარზე 3 მეტრიან ღობეს აღმართავენ

ლატვიის ხელისუფლება რუსეთის საზღვარზე 2,7 მეტრ სიმაღლისა და 92 კილომეტრის ღობის აღმართვას გეგმავს, – იუწყება ТАСС-ი.

ლატვიის სასაზღვრო დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, ნორმუნდს გარბარსმა განაცხადა, რომ 3 მეტრამდე სიმაღლის ღობე აუცილებელია, რათა მისი გადალახვა უფრო გართულდეს და მესაზღვრეებს საზღვრის დამრღვევების დასაჭერად მეტი დრო ჰქონდეთ.

“ნებისმიერი ღობე, 3 მეტრიანი კედლის გამოკლებით, ფიზიკურად გადალახვადია. აუცილებელია, მალე და ოპერატიულად – 1 საათის განმავლობაში იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადალახეს. ღობე ისეთ ადგილებში აღიმართება, სადაც დამრღვევების აღმოჩენა 1 საათის განმავლობაში მოხერხდება. ადამიანს მავთულხლართების გადასაჭრელად ან თხრილის გასაყვანად დრო სჭირდება და საზღვრის დაცვის თანამშრომლების განკარგულებაში საკმარისი დრო იქნება, რათა დარღვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ”, – განაცხადა გარბარსმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციასა და ლატვიას 276 კილომეტრის განფენილობის სახმელეთო საზღვარი გააჩნიათ. წელს ლატვია 24 კილომეტრიანი ღობის აღმართვას გეგმავს, რაზეც 1,8 მილიონ ევროს დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ ლატვიამ რუსეთის საზღვარზე ღობის აშენება 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მთავრობამ სამშენებლო სამუშაოებისთვის 17 მილიონი ევრო გამოყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button