“სიცოცხლის მოსპობით მეც დამემუქრნენ” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან.
ამის შესახებ ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ დაწერა. ლომჯარია ასევე აქვეყნებს რამდენიმე შეტყობინებას, რომელიც მისივე სიტყვებით, მუქარას ასახავს.
„მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ა.შ…. უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან… სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან,“ – აღნიშნულია ნინო ლომჯარიას პოსტში.
სახალხო დამცველი მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ომბუდსმენთან გასაუბრების შემდეგ იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის მოსპობით მუქარაზე დღეს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე ილაპარაკა. თქვა, რომ სოციალურ ქსელში მიიღეს შეტყობინებები, რომლითაც მას და მის შვილებს შუბლის გახვრეტით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
ამ თემაზე:
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან
შსს-მ სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო