მნიშვნელოვანისიახლეები

,,პოლიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისი ორგანიზებული აქციაა-გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ „სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე“ იმდენივე პოლიციელი იყო, რამდენიც დღეს,,-სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ „სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე“ იმდენივე პოლიციელი იყო, რამდენიც დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზეა მობილიზებული.

როგორც მან განაცხადა, პოლიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისი ორგანიზებული აქციაა, რადგან ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.

„პარლამენტი დაკეტილი ხომ არ არის, სხდომა მიმდინარეობს სამუშაო რეჟიმია. სტანდარტულად, პოლიციელები ყველა აქციაზე ვართ ხოლმე. ზუსტად იმ რაოდენობის პოლიციელები ვართ, რამდენიც ამ დღეებში, გუშინ, გუშინ წინ ვიყავით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვისი აქცია იქნება, მოვალეობას ვასრულებთ. გუშინაც ზუსტად იმავე რაოდენობის თანამშრომელი იყო. რატომ ყოფთ ერთ და მეორე აქციას ერთმანეთისგან. მათ შორის, დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მოვიდნენ ჩვენთან და გარკვეულ საკითხებზე დახმარება გვთხოვეს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამასთან პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე, 9 აპრილის პარკთან, ვითარება ისევ დაიძაბა.

პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელბიც „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად არიან შეკრებილები, სპეციალური საშუალება გამოიყენეს, – სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.

ამასთან, პოლიცია ფიზიკურადაც გაუსწორდა რამდენიმე დემონსტრანტს. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი სახეში მუშტს ურტყამს ერთ-ერთ დემონსტრანტს, ვითარება კვლავ არასტაბილურია.
სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გამოყენებას.

“ეს არის დარბევა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მომიტინგეები სამართალდამცავების მისამართით სკანდირებენ: “მონებო”.
პოლიციელები ცდილობენ, პარლამენტის უკანა შესასვლელი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button