ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ჰამასის ინფრასტრუქტურაზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება

გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში, ჰამასის ინფრასტრუქტურაზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.
IDF -ს ცნობით, ჯარისკაცებმა და საბრძოლო დაზვერვამ დაადგინა ჰამასის უჯრედი ღაზას ქალაქ შეჯაიას რაიონში, საიდანაც ისრაელისკენ რაკეტების გასასროლად ემზადებოდნენ
უჯერდს ისრაელის არმიამ საჰაერო დარტყმა მიაყენა.
IDF-ის ცნობითვე, კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკების დროს, რითაც დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 115-მდე გაიზარდა
ამასთან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზაში 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 11 ფუნქციონირებს და ისიც – ნაწილობრივ.
შეტაკება მოხდა ქალაქ რაფაჰში. დაღუპულია 8 ადამიანი. ისრაელის ჯარის რეიდის შედეგად, ჯენინში 7 პალესტინელი დაიღუპა. ბაიდენის განცხადებით, ისრაელი, ღაზის სექტორის “განურჩეველი” დაბომბვის გამო, გლობალურ მხარდაჭერას კარგავს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს” შორის ომი თუ არ შეჩერდება, შესაძლოა, ვითარება უკონტროლო გახდეს, შედეგები კი შტატებზე იმოქმედებს.
გარდა ამისა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის დაბომბვის გამო გლობალურ მხარდაჭერას კარგავს.
„ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. ჰყავს ევროკავშირი, ჰყავს ევროპა, ჰყავს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას ღაზის დაბომბვებით“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს თავისი მთავრობის შემადგენლობა, ისევე როგორც თავისი პოზიცია ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ“.
ამასთან, ბაიდენმა დასძინა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ისრაელს ამის „სრული უფლება აქვს“.
რომის პაპი ფრანცისკე ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლები და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უნდა შევიდეს.
„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დაე, დასრულდეს ეს დიდი ტანჯვა ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.