მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი გრძელდება-მსოფლიო ლიდერები უკრაინას ომში კვლავ დახმარებას უწევენ

უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით რამდენიმე ოლქში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 1 მოქალაქე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 40-მდე იერიში 5 მიმართულებით მოიგერიეს. სულ ფრონტზე 56 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად 5 მილიარდ ევროს გამოყოფს.
პოლონეთი და გერმანია კი უკრაინისათვის “ჯავშანტექნიკის კოალიციას” ააქტიურებს.

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ ევროპული კომპანიები შეძლებენ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას უკრაინის მოსამარაგებლად.
“საჭირო რაოდენობის ჭურვების წარმოება დროს მოითხოვს. ეს მოითხოვს ჩვენი მხრიდან წარმოების გაძლიერებას, მაგრამ უკრაინას ახლა სჭირდება ჭურვები. ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ, მოვძებნოთ ჭურვები ყველგან, სადაც შესაძლებელია, რომ მივაწოდოთ უკრაინას, შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში.
პარალელურად, საკუთარ შესაძლებლობებსაც ვზრდით. ევროპული კომპანიები უახლოეს მომავალში შეძლებენ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას ევროპული ქვეყნების მარაგის შესავსებად და ასევე, უკრაინის მოსამარაგებლად”, – აღნიშნა მან.
მანამდე, ჩეხეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპამ არ უნდა შეზღუდოს უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობა, რადგან ის რუსეთის აგრესიას ებრძვის.

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის რამშტაინი-20 შეხვედრისას განაცხადა. პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 10 000 ჭურვს მოიცავს დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 100 ჯავშანმანქანა და 100 სატრანსპორტო მანქანა.
“ჩვენ კვლავ შევადგინეთ დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება 500 მილიონი ევროა”, – ამბობს პისტორიუსი.
ასევე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გერმანია უკრაინისთვის 180 000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის რამშტაინი-20 შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვიც ესწრება.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ ამერიკა არ დაუშვებს ომში უკრაინის დამარცხებას.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის სამხედრო დახმარების საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც „რამშტაინის ფორმატის“ სახელით არის ცნობილი, განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იტყვის უარს კიევის დახმარებაზე და არ დაუშვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხებას.
როგორც BBC იუწყება, მან აღიარა, რომ „უკრაინის ჯარები რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მძიმე ბრძოლებს აწარმოებენ“, სამოქალაქო მოსახლეობა იძულებულია, გამუდმებით იცხოვროს რუსული რაკეტებისა და ირანული დრონების იერიშების პირობებში.
„მაგრამ უკრაინა არ დათმობს და არც აშშ გააკეთებს ამას. ამიტომ დღეს მკაფიოდ ვაცხადებთ – აშშ არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას,“ თქვა ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, უკრაინაში მარტო ამ ქვეყნის ბედი არ წყდება და გამარჯვების შემთხვევაში პუტინი არ გაჩერდება.
ფოტო არქივიდან. აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ლოიდ ოსტინი და რუსტემ უმეროვი საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე რამშტაინის საავიაციო ბაზაზე. 2023 წლის 19 სექტემბერი
„პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, სწორედ უკრაინამ უნდა გააჩეროს პუტინი, თუკი უკრაინის მხარდამხარ ვიდგებით და მას მივცემთ თავდაცვისთვის აუცილებელ იარაღს. ფსონზე დევს უკრაინის გადარჩენა და მთელი ჩვენი უსაფრთხოება,“ დასძინა ოსტინმა.
როგორც Reuters-ი შენიშნავს, „რამშტაინის ჯგუფის“ შეხვედრა იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შეეცდება, დაარწმუნოს ევროპელი მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერისადმი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგულებისა, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს პრაქტიკულად ამოეწურა კიევის დასახმარებელი ფული.
შეერთებული შტატების კონგრესს ჯერაც არ მიუღია კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის თაობაზე.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022-2023 წლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
„რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრებში დღემდე 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ მიღებული მონაწილეობა, მათ შორის არის საქართველოც.

ბელგია უკრაინისთვის 450 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს, – ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ლუდივინ დედონდერზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს სამასამდე ერთეულ LMV ჯავშანტექნიკას.
ცნობილია, რომ ეს მხარდაჭერის პაკეტი ბელგიისა და ნიდერლანდების თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. დედონდერმა აღნიშნა, რომ ამ დახმარების ფარგლებში უკრაინა მიიღებს საარტილერიო საბრძოლო მასალას და დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკას, კერძოდ 280 ერთეულ იტალიურ Iveco LMV Lynx-ის ჯავშანმანქანას.
ბელგია კიევს 2024 წლის განმავლობაში 665 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამ თანხის თითქმის ნახევარი დამატებით საარტილერიო ჭურვებს მოხმარდება.

კანადა 40 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა.
„ომის დაწყების შემდეგ კანადამ გამოყო 4 მილიარდი კანადური დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, მათ შორის ჰაუბიცები, ტანკები და ჯავშანტექნიკა“, – ნათქვამია კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ 18 ქვეყნის კონტრიბუციით უზრუნველყო საკმარისი დაფინანსება უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად.

ფინეთი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
“ფინეთი ჩეხური ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ფინელი პარტნიორების ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის. ერთად გავიმარჯვებთ!” – ნათქვამია განცხადებაში.
ჩეხეთმა საკუთარი ინიციატივა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა. ინიციატივას ევროპის 18 ქვეყანა შეუერთდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზებს, ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90% უკრაინისთვის, ევროპის ფონდის მეშვეობით, იარაღის შესაძენად გამოიყენონ.
ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბლოკს ასევე შესთავაზებს, დარჩენილი 10% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხოს, რათა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენონ.
მისი თქმით, ამ წინადადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ოთხშაბათს, 21-22 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ წარუდგენს.
შეგახსენებთ, დასავლეთში რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი, 300 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებია გაყინული.

ევროკავშირმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინა ივლისიდან რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებით მოგების მიღებას დაიწყებს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წინადადება, რომელიც ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს, ითვალისწინებს რუსეთის ცენტრალური ბანკის „იმობილიზირებული“ რეზერვებით გამომუშავებულ მოგებაზე გაუთვალისწინებელი მოგების გადასახადის დაწესებას, რისი მიზანიცაა წელიწადში დაახლოებით, 3 მილიარდი ევროს უკრაინაში იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის გაზრდის მიზნით გამოყენება.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივების, ძირითადად ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულის სახით, იმობილიზაციაა განახორციელეს. აქედან ორ მესამედზე მეტი დაბლოკილია ევროკავშირში. ევროკავშირის წინადადებით, 15 თებერვლიდან გამომუშავებული შემოსავლების წილი გადაეცემა ევროკავშირს წელიწადში ორჯერ სანქციების გაუქმებამდე. თანხები თავდაპირველად გადაირიცხება ევროპის მშვიდობის ფონდში და ასევე ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის ფონდში. მოგების ნაწილი დარჩება ცენტრალურ დეპოზიტარებში, რომლებიც შეინახავენ რეზერვებს აქტივების მართვის ხარჯების და ნებისმიერი რისკის დასაფარად, მათ შორის, რუსეთის მხრიდან პოტენციური საპასუხო ზომის ჩათვლით. შესაბამისი ხარჯები და კორპორაციული გადასახადი ასევე გამოიქვითება შემოსავლებიდან მათ გადაცემამდე. ზოგიერთი შეფასებით, ეს, წელიწადში, დაახლოებით, 3 მილიარდ ევროს ოდენობის წმინდა მოგებას დატოვებს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, თანხების უმეტესი ნაწილი გაყინულია ბელგიური ფინანსური ინსტიტუტის Euroclear-ის მეშვეობით, სადაც შარშან, დაახლოებით, 4.4 მილიარდი ევროს ოდენობის მოგება გამოიმუშავეს. ამასთან, წინადადების თანახმად, წარსულში მიღებული მოგება დროებით შენარჩუნდება, სანამ ევროკავშირში არ გადაირიცხება არაუადრეს ხუთი წლის შემდეგ.
წინადადებას ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ. წინადადების დამტკიცებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.

18 მარტს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დახმარება 5 მილიარდით გაიზრდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
“ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს. უკრაინის დახმარების ფონდი ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომისგან თავდაცვაში, რაც უნდა დასჭირდეს და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”, – თქვა ბორელმა.
ახლად შექმნილი უკრაინის დახმარების ფონდი (UAF) მომავალში ევროკავშირს საშუალებას აძლევს მხარი დაუწიროს უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებას როგორც ლეტალური, ისე არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებითა და წვრთნების განხორციელებით.
განცხადების მიხედვით, ფონდის მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს ევროკავშირის დამატებითი ღირებულება უკრაინისთვის მეტი და უკეთესი ოპერატიული მხარდაჭერის მიწოდების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმხრივი ძალისხმევის შევსებისა და ევროპისა და ნორვეგიის თავდაცვის ინდუსტრიებიდან ერთობლივ შესყიდვებზე ფოკუსირების თვალსაზრისით.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფინანსური ზღვარი 2021-2027 წლებისთვის 17 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც დონეცკის საოლქო პროკურატურა ამბობს, ოკუპანტებმა ქალაქს S-300 ტიპის რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა, სულ მცირე, 24 სახლი და 4 მანქანა.
“19 მარტს, 02:30 საათზე, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქი სელიდოვო. ოკუპანტებმა დასახლებას შეუტიეს S-300 საჰაერო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით. სახლებში მყოფმა ოთხმა პირმა – 64, 65 და 82 წლის სამმა ქალმა, ასევე 58 წლის კაცმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. მათ ნაღმის აფეთქების შედეგად აღენიშნებათ სისხლჩაქცევები, ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობები. მოსახლეობას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყება ამბობს, მომხდარზე გამოძიება ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button