რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი 51-ჯერ დაბომბეს

6 მაისს ხერსონის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 6 თანამშრომელი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ოჯახის ნაწილი დაკარგა. ხერსონის რაიონში განაღმვის სამუშაოების შესრულებისას ჩვენს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ჩვენი 6 სპეციალისტი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ორი, მათ შორის, ერთი ქალი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი”, – დაწერა სერჰი კრუკმა Facebook-ზე.
კრუკმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები აგრძელებენ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევას.
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი 51-ჯერ დაბომბეს. სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი გახდა. დაიღუპა 6 და დაიჭრა 4 ადამიანი. ღამით ჭურვები გაისროლეს ნიკოპოლის მიმართულებით. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ხანდაზმული ქალი, დაშავდა 3 ადგილობრივი.
სევასტოპოლის ე. წ. ხელმძღვანელის განცხადებით, ღამით დრონებით თავდასხმა მოხდა ყირიმზე. ოკუპანტები დაშავებულებზე და ნგრევაზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივში. დაიბომბა სუმის ოქლის საზღვრისპირა ტერიტორიებიც.
ამასთან უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა რუსული ტყვეობიდან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში იტყობინება.
“ჩვენმა გუნდმა რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 მეომრის დაბრუნება მოახერხა. უკრაინელი 42 მცველი მამაკაცი და 3 მცველი ქალი . ისინი ყველანი აზოვსტალს იცავდნენ. ეროვნული გვარდიელები, 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ და დავიბრუნებთ ჩვენს ხალხს რუსული ტყვეობიდან! მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, რომელიც ამ გაცვლაშია ჩართული – ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, ლუბინეცი, მადლობა ბიჭებო!
შევხვდი ამერიკის ერთ-ერთი უძლიერესი შტატის იუტას წარმომადგენლებს. განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია კონკრეტულ შტატს, დაგვეხმაროს თავისუფლებისა და ხალხის დაცვაში .
და კიდევ ერთი რამ. უკრაინის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პირველი ლედი წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას დიდ ბრიტანეთში, სადაც მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კამილას კორონაცია გაიმართა. მთელი უკრაინელი ხალხის სახელით, ვულოცავ მის უდიდებულესობას, უკრაინის ნამდვილ მეგობრებს ამ ისტორიულ მოვლენას, რომელიც ბრიტანეთის მონარქიის ახალი ეპოქის ათვლას იწყებს . ჩემთვის დიდი პატივი იყო მის უდიდებულესობასთან პირადად ლონდონში შეხვედრა, მახსოვს ჩვენი საუბარი, მახსოვს გულწრფელი ემოცია უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. მადლობა მხარდაჭერისთვის!” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.