მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

1 წელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენიდან

ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-5 დღეს, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და კანდიდატის სტატუსი მიიღო, წელს არის დრო, რომ გადაწყდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.
შარშან ამ დღეს, ომში მყოფმა ქვეყანამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრობა ოფიციალურად მოითხოვა. უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. თარიღს პრეზიდენტი ზელენსკი ფეისბუქზე ეხმაურება:

“ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს, ჩვენ შევიტანეთ განცხადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ.

წელს დროა მივიღოთ გადაწყვეტილება წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

სწორედ უკრაინასთან ერთად გახდება ევროპა მშვიდობიანი, თავისუფალი და ერთიანი.

ბრძოლაში ერთად ვართ და ამიტომ გამარჯვებაშიც ერთად ვიქნებით. გაუმარჯოს ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას!” წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპა.

„სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი ისე, როგორც არასდროს. სწორედ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს მომავალი თაობებისთვის. სწორედ უკრაინაა, სადაც ევროპა ხდება მთლიანი, თავისუფალი და მშვიდი. ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში. გაუმარჯოს ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას!“- წერს ზელენსკი.

ლატვიის პრეზიდენტის, ეგილს ლევიტსის განცხადებით, უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს.

“ვფიქრობ, რომ ომის შემდეგ ეს დისკუსია განახლდება. მე ნამდვილად ვხედავ უკრაინას, როგორც NATO-ს წევრ ქვეყანას, რადგან მას ეყოლება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არმია და ეს იქნება რეალური წვლილი NATO-ს სიძლიერეში”, – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ლევიტსმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არის გარკვეული რეფორმები, რომლებიც კიევმა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეს.

“ამ რეფორმებს დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, უკრაინა ახლა ომზეა ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად, ისინი უკვე რეფორმებს ატარებენ. ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ გაწევრიანებას არც ისე დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ეს არც მომავალ წელს მოხდება”, – განაცხადა ლევიტსმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button