ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

ფოთში 8 მალიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა 60.8 მილიონი ლარი ჯდება

ფოთში მდინარე რიონზე იწყება ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომლის  სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულება შეადგენს 60.8 მილიონ ლარს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS“ შეასრულებს. სამუშაოების დასრულების ვადა 2 წელია.

ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლა იქნება უზრუნველყოფილი.

ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღასა და ცენტრალურ აზიას შორის.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button