შოიგუმ ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა – როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის ჯარები დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადადიან.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.
“ვეთანხმები, განაგრძეთ ჯარების გაყვანა”, – თქვა მან.
დღეს რუსეთის შეიარაღებულა ძალებმა ხერსონის ოლქში, მდინარე დნიპროს დასავლეთით რამდენიმე ხიდი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხერსონის რეგიონული საბჭოს წევრის განცხადებით, რუსები ხერსონის ზოგიერთი სოფლიდან, როგორც ჩანს, ტაქტიკურად იხევენ უკან, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა შეანელონ.
“ოკუპანტებმა ააფეთქეს არა მხოლოდ დარევკისა და ტიაგინსკის იდები, არამედ სნიჰურივკადან ხერსონისკენ გადასასვლელი ხიდიც […] ოკუპანტები აბსოლუტურად ყველა ხიდს აფეთქებენ”, – თქვა მან.
CNN-ის ცნობით, ამას ადასტურებენ რუსეთის სამხედრო ანალიტიკოსებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ “ხერსონის ფრონტთან ხიდების განადგურება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას ანელებს”.
უკრაინის ოფიციალური პირის განცხადებით, რუსული ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან მასობრივად იხევენ უკან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ ოფიციალურად დაადასტურონ რუსების მიერ დასახლებების დატოვება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოკუპანტები რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აღარ იმყოფებიან.