მნიშვნელოვანისიახლეები

“ივანიშვილმა ვერაფერი ვერ დაალაგა ვერც „მეგობარი აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს და ჩანს, რომ დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ წრეში და ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი,,-ოპოზიცია

პრემიერ-მინისტრის ღია წერილს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში

პრემიერ-მინისტრი საკუთარ წერილში ყურადღებას ამახვილებს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების გზავნილების თანხვედრაზე და ამბობს, რომ ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია ვაშინგტონის დუმილი.

ირაკლი კობახიძე იქვე წერს, რომ კონკრეტული ძალების რევოლუციური გეგმები ისევ დღის წესრიგშია. თუმცა მოლოდინი, რომ “დიფ სთეითის” დამარცხებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება, ისევ არსებობს.

“პოზიციის მყარი დეკლარირება” – ასე აფასებს წერილს საპარლამენტო უმრავლესობა.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის შეერთებული შტატების პოლიტიკა მკაფიოა და ის “მეგობარი აქტით” გამოიხატება. პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესების წარუმატებელი მცდელობის დასტურად მიიჩნევენ. თავად კი “მეგობარი აქტის” დამტკიცებისთვის აქტიურად მუშაობენ. “ნაციონალური მოძრაობა” ამ მიზნით, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სწორედ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზეა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკამ საქართველოს მიმართ დროული და მკაფიო პოლიტიკა აწარმოოს. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით კითხვები ლეგიტიმურია, რასაც ხელისუფლება ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციით გამოხატავს.

აქტი ზედა პალატამაც უნდა მიიღოს იმისთვის, რომ დოკუმენტი ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნოს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე შეაფასა “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას წერილის წაკითხვისკენ მოუწოდა, ამასთან, მისი შეფასებით, წერილიდან, რომელშიც დაცული არაა “პროტოკოლის და მეგობრობის ნიშნები”, ჩანს “სრული სასოწარკვეთა”.
“იმის მიმართ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც „მეგობარი აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს და ჩანს, რომ დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ წრეში და ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი, რომელიც ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი და დღეს ალბათ ამისთვის არ სცალია და ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, რომ მისთვის იქნება ძალიან გამაოგნებელი იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც 30 წელზე მეტია, ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, წერილი არის “ამ ხელისუფლების ჩამოშლის მაჩვენებელი, მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ”.

კობახიძის წერილს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც. “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, “ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს მას მერე, რაც ორბანმა არ გაუმართლა და ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა.” მისივე სიტყვებით, თუ სადმეა „დიფ სთეითი”, „ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.
„ამ მოღალატე და კრიმინალთა რეჟიმის დოქსოპულომ იმიტომ ვერ მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან საპასუხო წერილი, რომ მათ არ აღიარებენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი ცივილიზებული ქვეყანა კრიმინალთა რეჟიმს, პუტინის რუსეთის მეხუთე კოლონას, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არ აღიარებს”, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ღია წერილს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა წერილს და დაწერა, რომ “თუ არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები. ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა – ასეთია არჩევანი“.
მე დღეს ვნახე ფსევდო პრემიერის, არალეგიტიმური პრემიერის პასუხი და ეს არის აბსოლუტური სიგიჟე, ქვეყანას მართავენ გიჟები, – ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელშიც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრემიერს, ჯეი დი ვენსს მიმართავს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება შეძლოს.
„ქვეყანას ეს ხალხი საფრთხეს უქმნის. ეს პრეზიდენტს ტრამპის მიმართ მიწერილი კი არ არის, ეს არის პოზიცია მთელი ცივილიზებული დასავლეთის მიმართ. ეს ხალხი უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სამშობლო ვერ გადარჩება.
„MEGOBARI აქტი“ გვეუბნება მარტივ რამეს იმას, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უთხრა დავითაშვილს, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერია, „თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ“. ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრები გარეთ. სხვანაირად შეუძლებელია დასავლეთმა ის მიიღოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი გზაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა.
“რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაცხადებულ წერილს, ეს არის კიდევ ერთხელ ღიად დადასტურება იმ ფაქტის, რომ დახურულ კარს მიღმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკება ვერ მოხდა და ახლა უკვე ღიად მოხდა წერილის გავრცელება და აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ვერ განახლდა ახალი ადმინისტრაციის პირობებში,” – აცხადებს ლანა გალდავა.

ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა წერილს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებელი, ყოფილი დესპანი სერგი კაპანაძე.
“უიმედო პათოსით და ყალბი სასოწარკვეთილებით აღსავსე მაჩოს სტილში დაწერილი კონსპირაციული და პროპაგანდისტული პასკვილი შორიდან ვითომ ტრამპის მიმართ მოტრფიალე იმედგაცრუებული ოლიგარქის მსახურისგან, რომელიც ღიად ღაღადებს – “გვიპასუხე, გიყვარვართ, თუ გკიდივართ”, – დაწერა სერგი კაპანაძემ.

ფაქტიურად პირველად აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ვაშინგტონისთვის მკაცრად, მაგრამ დელიკატურად ეთქვა დაგროვილი სათქმელი ორმხრივ ურთიერთობებზე, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსს მიმართავს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, აღნიშნულ წერილზე აშშ-ს ადმინისტრაციის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ინდიკატორი და მარკერი, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
“ფაქტიურად პირველად აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ვაშინგტონისთვის მკაცრად, მაგრამ დელიკატურად ეთქვა დაგროვილი სათქმელი ორმხრივ ურთიერთობებზე. აღნიშნული წერილის შინაარსი და პათოსი შესაძლოა სიურპრიზიც კი აღმოჩნდეს ოფიციალური ვაშინგტონისთვის, რომელიც აქამდე სხვა ტიპის ურთიერთობებს იყო მიჩვეული საქართველოსთან (ვაღიაროთ ჩვენც მიგვიძღვის ამაში წვლილი!) აღნიშნულ წერილზე აშშ-ს ადმინისტრაციის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ინდიკატორი და მარკერი, თუ რა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ირაკლი კობახიძის ღია წერილი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის გაყიდვის მტკიცებულება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
მანჯგალაძე დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისასდმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ წერილი არ არის დიპლომატიური ტექსტი.
„კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი.
ეს არის უმადური რუსის ბოდვა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას, სდებს ბრალს იმაში, რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს: კორუფცია, ჩაგვრა, ანტიდასავლური კანონი, ხალხის წინააღმდეგ ომი, საქართველოს იზოლაცია და დაუცველად დატოვება.
არავითარ „გადატვირთვაზე“ არ არის საუბარი! თავად წერილია გადატვირთული რუსული პროპაგანდით. ის იმეორებს ყველა რუსულ კონსპირაციას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც 1991 წლიდან იცავს ჩვენს თავისუფლებას;
ითხოვს პასუხს იმაზე, რატომ სჯიან კორუმპირებულ რეჟიმს, რომელსაც ფული ურჩევნია თავისუფლებას და ძალაუფლება – საკუთარ ხალხს.

ეს წერილი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის გაყიდვის მტკიცებულება. გაყიდული ქვეყანა, გაყიდული მომავალი, უფრო დაუცველი ხალხი – ესაა კობახიძის წერილის მიზანი, მაგრამ ჩვენ ივანიშვილს უნდა ვუთხრათ მკაფიოდ: საქართველო არ არის კობახიძე!
საქართველო არ არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული ბანდა!
საქართველო არის:
• ახალგაზრდობა, ხალხი, რომელიც ქუჩაში იცავს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს;
• მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ: არ გვინდა რუსული ჭაობი!
თავისუფლების წყარო არის ხალხში, რომელიც არ გაჩერდება, სანამ საქართველო არ გახდება თავისუფალი, დაცული და ევროპული!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, სინამდვილეში უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას. ამის შესახებ ნათქვამია „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.
განცხადების თანახმად, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ერთსულოვნება! – „არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან“.
„ამერიკა იყო და რჩება ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე.
აშშ-ის ხალხი და ხელისუფლება გვერდში გვიდგას მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ბლოკავს ევროპულ პერსპექტივას, ანგრევს ინსტიტუტებს, კლავს დემოკრატიას და ქვეყანას რუსულ იზოლაციაში ექაჩება.
ამის ცხადი მაგალითია „MEGOBARI აქტი“ – უპრეცედენტო მხარდაჭერით მიღებული ისტორიული აქტი, რომელიც ამბობს ერთმნიშვნელოვან „დიახ“ ქართველ ხალხს და „არას“ ავტორიტარიზმს.
ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, ვამბობთ: საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი. საქართველოს მომავალი, დაცულობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან. ჩვენი ქვეყნის მარტო და დაუცველად დატოვება წარმოადგენს მტრის ინტერესს.
კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის წარმოადგენს ძალაუფლების მიმტაცებელი მცირე ჯგუფის ინტერესს, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში გადარჩენას.
ჩვენ უარვყოფთ კონსპირაციებს, ყალბ ბრალდებებს და ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც რეჟიმი კოორდინირებულად ახორციელებს.
ჩვენი მიზანია არ დავუშვათ ურთიერთობების გაფუჭება აშშ-თან და ევროპელ მეგობრებთან, რომ ქართველი ხალხი დაუბრკოლებლად დაუბრუნდეს თავის უალტერნატივო მომავალს და განვითარების პერსპექტივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის წევრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-თან.
ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, გამოვხატავთ ქართველი ხალხის საუკუნოვან და ურყევ არჩევანს!
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთსულოვნება! არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან.
ამ კრიზისიდან, რომელიც რეჟიმის მიერ შეგნებულადაა შექმნილი, არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი – ახალი, თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება“,- ნათქვამია განცხადებაში.

კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს

პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, რომლითაც ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს მიმართავს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის მიწერილი ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებს, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან განწყობების, პათოსის და გზავნილების თანხვედრის მიუხედავად, რატომ დუმს ამ დრომდე ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით და რატომ არის კვლავ ძალაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები.

“ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, განსაკუთრებით, მათ მიერ გახმოვანებული და ჩვენ მიერ გაცილებით ადრე გახმოვანებული მესიჯები, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ განვმარტავთ. ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. სანამ ეს არ იქნება განმარტებული და ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი, მანამდე, მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, ვისაც კი ეს ხმა მისწვდება, დაისმება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად – მეტიც, საქართველო ასეთ პოზიციებს, რომელსაც დღეს აშშ ახმოვანებს, თვეებით და წლებით ადრეც კი ახმოვანებდა – ამის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ დასანანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მკაფიო პოზიცია ჯერ არ მოუსმენიათ და სურვილია, რომ უახლოეს მომავალში გამოიკვეთება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით.

“სხვადასხვა საშუალებით, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მის გუნდთან, სხვადასხვა წევრთან. ჩვენი გზავნილებიც გადაცემულია, მათი გზავნილებიც არა ერთხელ მოვისმინეთ, როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც ამბობს. ჩვენ რატომაც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ იყო პრემიერის განცხადება საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი აზრით, ბევრი თანხვედრის მიუხედავად, დასანანია, რომ აქამდე ჯერ ჩვენ არ გვესმის მკაფიო პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და ჩვენ გვაქვს იმის სურვილი და იმედი, რომ უახლოეს მომავალში განისაზღვრება და გამოიკვეთება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. გვესმის, რა თქმა უნდა, რომ მათი დღის წესრიგი არის საკმაოდ გადატვირთული, მსხვილი თემები, როგორიც არის ომი ევროპაში, ომი ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა და ა.შ. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სურვილები და მიზნები გვაქვს და ამ წერილის პათოსი და აზრიც სწორედ ამას ემსახურება,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ კითხვები აქვთ, რატომ არ ხდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც “ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული”.
“ყველა ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, ჩვენი ქვეყნის მხრიდან იყო პირნათლად შესრულებული. მიუხედავად ამისა, გლობალური დიფ სთეითის ზეგავლენით, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ გადაედგა ისეთი ნაბიჯები უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, რაც არ შედიოდა საქართველოს ინტერესებში, რაც ჩვენი ქვეყნის საბოლოო ჩამონგრევას და დაქცევას მოასწავებდა და ეს ნაბიჯები არ გადადგა, ამ ყველაფრის ფონზე, შემდგომ უკვე დასჯილნი და დასანქცირებულნი კონკრეტული თანამდებობის პირები. საქართველოს და დონალდ ტრამპის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს და ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე, კითხვის ნიშანი ისმევა, თუ რატომ არ ხდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული. დღეს, ქვედა პალატა იღებს დოკუმენტს, რომელსაც სრულიად ცინიკურად არქმევს მეგობარ აქტს,“ – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი ირაკლი კობახიძის ღია წერილი არის ხმამაღლა გაცხადებული სურვილი, აღვადგინოთ და ნორმალურ რეჟიმში მოვიყვანოთ ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც, ათწლეულებია, საქართველოსა და ამერიკას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ამავე დროს, წერილში ღიად არის გაცხადებული საქართველოსთან დამოკიდებულების კუთხით პრობლემების შესახებ.
„ღიად არის გაცხადებული უსამართლობის გამოხატულებები, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში ხდება, მათ შორის ბოლო დროს განვითარებული პროცესები. ვგულისხმობ ირონიულად „მეგობრობის აქტად“ წოდებული ყველანაირად მტრული განწყობებით გამსჭვალულ აქტს, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა მიიღო. ამავდროულად, არის სურვილი, რომ, საბოლოო ჯამში, დაძლეული იყოს გავლენები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს. ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე, ამ რეალობაშიც არ არის გამოსწორებული. ამიტომ ღია წერილი ემსახურება კიდევ ერთხელ საჯაროდ, ხმამაღლა განცხადებას, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ერთგული პარტნიორი, თუმცა მოველით სამართლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა

დღეს, 13 მაისს, “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, მიმართა.
კობახიძე წერს, რომ მათი მხრიდან უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილი წერილი, რომელშიც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გასაკვირია, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხვედრაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button