მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველომ 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა
საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2025 წლის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით გაუარესდა ქვეყანა 11 პოზიციით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილიდან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.
ანგარიშში ნათქვამია ქართული ოცნების მიერ გატარებულ რეპრესიებსა და დამოუკიდებელი, ოპოზიციური მედიების შეზღუდვის პოლიტიკაზე.
„სახელმწიფოს ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ მტრული რჩება. „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს მათ და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიში ასევე განიხილავს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მას აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას.
„ქვეყანა ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული ფართოდ სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, რამაც ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში ჩააგდო. ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მუდმივ კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ასევე აცხადებს, რომ ხშირია ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს.
„2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს, გულგრილი უსაფრთხოების ძალების თვალწინ, დაახლოებით 50 რეპორტიორზე განხორციელებული ხანგრძლივი და სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. გამოძიების გამჭვირვალობისა და პროგრესის არ არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელობით სარგებლობენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი და ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს.
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” (მედიის კვლევების ცენტრის) მთელი საქართველოს მაშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორციელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა და მათი უფლებების დარღვევის ინციდენტებს აღრიცხავს.
კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:
მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…) აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი; 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან: პროევროპული პროტესტის დროს – 11 დაკავება;
პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, – ნათქვამია ანგარიშში.