მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილმა შიმშილობა ევროპარლამენტარების თხოვნით შეწყვიტა

პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ევროპარლამენტარების თხოვნით შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, სააკაშვილმა მას ეს წერილით აცნობა.

“წერს, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით [შეწყვიტა]… არ იქნეს ეს [შიმშილობა] ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებული”, – ამბობს ხაჭაპურიძე.

მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებაზე ადვოკატმა რამდენიმე საათით ადრე, “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პროტესტი ამ ფორმას ყოფილმა პრეზიდენტმა მას შემდეგ მიმართა, რაც მის საქმეზე სასამართლო სხდომაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.

დღევანდელ, 14 დეკემბრის სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი “შესაბამისი ტექნიკური საშუალებების” არარსებობის მიზეზით ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირაში გაიმართა.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. “სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც – მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება…

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს დალიოს და ცუდად არ გახდება.

როგორც კალაძე განმარტავს, როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა.

“ეს არის სიმულირება, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია. როდესაც პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს სამწუხაროა, ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია.

პოლიტიკოსებმა ყველაზე ნაკლები უნდა ისაუბრონ, არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსებმა ჩვენ საქმეს მივხედოთ”,- აღნიშნავს კალაძე.

რამდენიმე წუთის წინ, სტრასბურგში ევროპელმა დეპუტატებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

მომხსენებელმა, ესტონელმა დეპუტატმა სვენ მიკსერმა თქვა, რომ ქვეყანამ ჩაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ შორის, დაუახლოვა ეროვნული კანონმდებლობა ევროპულს. მისი შეფასებით, აქ საქართველო კვლავაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია.

თუმცა, მიკსერის თქმით, საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის ზოგი ღირებულების ერთგულია, მისი პოლიტიკოსები კი ჯერაც “აყენებენ პერსონალურ კონფლიქტებს სტრატეგიულ ეროვნულ ამოცანებზე მაღლა”.

“ეს ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის”, – თქვა მან.

მიკსერმა ასევე სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება და ამიტომ მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

“კარგად მესმის, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრეობა დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამიტომ… [მის] გათავისუფლებას ვუყურებთ, როგორც წმინდა წყლის ჰუმანიტარულ საკითხს და ჩვენი მოწოდება არ არის მისი საქმის სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასება.”

სააკაშვილის განთავისუფლების თხოვნა, არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული მოტივებით, არაერთმა დეპუტატმა გააჟღერა. მათ შორის – ვიოლა ფონ კრამონმა, იუზას ოლეკასმა, დევიდ მაკკალისტერმა და იოაჰიმ სტანისლავ ბრუჩინსკიმ, რომელმაც დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს “პუტინის სტანდარტებით ექცევა და არა ევროპული ღირებულებების მიხედვით”.

მოხსენების დასასრულს, სვენ მიკსერმა თქვა, რომ შეშფოთებულია “ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის” ბრალდებით, თითქოსდა ევროკავშირი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში.

“საქართველოს არასოდეს მოუწევს, აირჩიოს ევროპასა და მშვიდობას შორის. ევროპის არჩევა სწორედაც რომ მშვიდობის არჩევას ნიშნავს”, – დასძინა მან.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროპელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტზე მუშაობენ. მასში წერია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება კვლავ პოლიტიკურადაა მოტივირებული, როგორც მედიის, ისევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ნახსენებია დემოკრატიის უკუსვლა და ევროკომისიის 12 პირობა, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. სვენ მიკსერის ანგარიშის მიხედვით მომზადებულ რეზოლუციას ევროპის პარლამენტი კენჭს 14 დეკემბერს უყრის.

მსგავსი პოსტები

Back to top button