6,2-დან 6,4-ის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა თურქეთ-სირიის სასაზღვრო რეგიონში

20 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე 6,2-დან 6.4-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა.
მიწისძვრის ეპიცენტრი იყო სამანდაგის ოლქი.
მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში დაზიანდა შენობები.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება როგორც „ბიბისი“ ჰათაის მერზე დაყრდნობით წერს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. ამასთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანია დაშავებული. გამოცემის ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა ეგვიპტესა და ლიბანშიც.
სეისმოლოგიური ცენტრის ცნობა გავრცელდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს უთხრა, რომ ვაშინგტონი მას დახმარებას გაუწევს “რამდენ ხანსაც საჭირო იქნება” – იმ ფონზე, როცა ორი კვირის წინ ამავე რეგიონში მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ 47,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ბოლო 20 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა.
მიწისძვრამ 46 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.