მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში 21 სექტემბერს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიიღებს. შეხვედრა ხუთშაბათს, 21 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

“ბაიდენი მოელის, რომ პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმენს თვალსაზრისს რიგ საკითხებზე და ასევე მთელი მსოფლიოსა და ამერიკელი ხალხის წინაშე დაადასტურებს თავის ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი”, – განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, ახლა კრიტიკული მომენტია, რადგან რუსეთი უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, უიმედოდ ცდილობს სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღებას. შეხვედრა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხზე კონგრესში არსებული აზრთასხვადასხვაობის ფონზე იმართება.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას აშშ-მა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს.

„[ნიუ-იორკიდან] პრეზიდენტი ბაიდენი შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება, რათა ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტი ზელენსკი მიიღოს. ეს მათი მესამე შეხვედრა იქნებ. ის, რა თქმა უნდა, კრიტიკულ დროს შედგება, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი ომისთვის რუსეთი სასოწარკვეთილად ეძებს დახმარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა”, – განაცხადა სალივანმა.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში რამშტაინის ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამერიკული მედიაც წერს. გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ზელენსკი ასევე ეწვევა კონგრესს, რათა დაარწმუნოს ამერიკელი კანონმდებლები, მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას.

ბოლოს შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ივლისის დასაწყისში ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეხვდნენ, მანამდე კი, მაისში – იაპონიის „დიდი შვიდიანის“ ჯგუფის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button