,,არ ვნერვიულობთ თუმცა ვემზადებით მაქსიმალური შედეგისთვის რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს,, ქართული ოცნების თქმით არჩევნებში მინიმუმ 60%-ს აიღებს

დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 60 პროცენტს აიღებდა. არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავარია, ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
ღარიბაშვილის თქმით, “ოცნება” ემზადება, რომ 2024 წლის არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მიიღოს.
„დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ისევ ჩვენს ხალხს, რათა გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე – ამჯერად დავოსიდან, სადაც ის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმყოფება, ოპონენტებს ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე ძალასა და “ლუზერებს” უწოდებს.
მან ოპოზიციას “ხელმოცარული”უწოდა და თქვა, რომ ოპონენტებს ხელმოცარული მცდელობები აქვთ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის და როგორ შეაფასებს ოპონენტების გეგმებს არჩევნებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა:
„რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და იციან, ვის რა წარსული აქვს, კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალა და, საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან „ახალი ნაციონალური მოძრაობა“. მაგალითად, როგორიცაა ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ, გაერთიანდნენ და ასე გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი.
ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები. მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა გამოკითხვის მიხედვით, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა არათუ მყარი უმრავლესობა, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტის გარშემოა.
„ჩვენ ვხედავთ საზოგადოების მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ. ყველა გამოკითხვის მიხედვით, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა არათუ მყარი უმრავლესობა, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობაც. 60 პროცენტის გარშემო არის ჩვენი რეიტინგი.შევხედოთ, რა არჩევანი აქვს მოსახლეობას – არჩევანი „ქართული ოცნების“ სახით, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყანას სიმშვიდე, ეკონომიკურ ზრდა, და ოპოზიცია, რომლის მთავარი დაპირებაა, რომ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, დააწესებენ სანქციებს, საქართველოს მოსახლეობას დააყენებენ ეკონომიკური კრიზისისა და შესაძლო ომის პირას. შემოაქვთ რეზოლუციები და ინიციატივები „ლელოს“ და სხვა პარტიებს, მათი მთავარი იდეა რაც არის, ისინი ჩარჩენილი არიან 30 წლის წინანდელ პოლიტიკაში, რომ სამტრედიის რკინიგზა უნდა გადაკეტონ. ეს არის მათი პოლიტიკა 21-ე საუკუნეში. საქართველოს მოსახლეობას სთავაზობენ იმას, რაც 30 წლის უკან იყო, როდესაც სამტრედიის რკინიგზას ვკეტავდით და გვეგონა, რომ ჩვენ ამით რაიმე როლს შევიტანდით გეოპოლიტიკურ გადაადგილებებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
არჩევნებამდე 10 თვით ადრე ოპოზიცია ძალიან შეშინებული და შეშფოთებულია – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს შიში კიდევ უფრო გაიზრდება, – ასეთია “ქართული ოცნების” დეპუტატის რატი იონათამიშვილის პოზიცია.
მისივე თქმით, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, რაც მათთვის დამსახურებულ მარცხი, ხოლო ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგი იქნება.
როგორც იონათამიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “ოპოზიცია იბრძოდა რა ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ და დაუპირისპირდა რა ქართულ ეკლესიას, ამით საკუთარი თავი პოლიტიკურ ანათემას გადასცეს”.
“ფაქტია, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის 60%. ფაქტია ისიც, რომ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია. თუ ჩვენს ამომრჩეველს – მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს ვინმე და რამე არ მოსწონს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს.
ასეთი შედეგი დამსახურებულია, რადგან ოპოზიცია უპირისპირდებოდა არა საკუთრივ “ქართულ ოცნებას”, არამედ ჩვენს სახელმწიფოსა და ეკლესიას, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მათი ძირითადი დღის წესრიგი იყო. თუ მათ შედეგები უკვირთ, მიზეზი საკუთარ თავებში ეძებონ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მოშე ვინ არის, არ ვიცი – ის, ვინც ხელისუფლებას აყვედრის სიძულვილის ენას, თვითონ გამოირჩევა სიძულვილის ენით და სხვა არსენალში არაფერი აქვს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კრიტიკას საარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის გამოყენების თაობაზე.
სარჯველაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, საარჩევნო კამპანიისთვის უცხოელი სპეციალისტი დაიქირაოს, რაშიც დრამატული არაფერია და არაფრისმთქმელი ფაქტებისგან, ამბების შეთხზვას ნუ შეეცდებიან.
“მოშე არ ვიცი, ვინ არის, არც ვიცნობ, არც მსმენია ამის შესახებ და არც ვიცი. ვიცი, რომ ამბობენ, არის ვიღაც ტექნოლოგი, რომლის რჩევებსაც ეყრდნობა „ქართული ოცნება“. თუ ჩვენ წარვმართავთ საარჩევნო კამპანიას, შეიძლება გვყავდეს დაქირავებული ვინმე უცხოელი სპეციალისტი დაქირავებული, რომლისგანაც რჩევებს შეიძლება ვიღებდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაში აპრიორი რაიმე ცუდია ან კარგია. ნუ ეცდებიან არაფრისმთქმელი ფაქტებისგან ამბების შექმნას. ის, რომ კონსულტანტი შეიძლება ჰყავდეს პოლიტიკურ პარტიას საარჩევნოდ, ამაში დრამატული არაფერია. თუ ამ რჩევების შედეგად ცუდად ან კარგად ვიქცევით, აი, ეს შევაფასოთ. შემაფასეთ მაგალითად მე, გამოვირჩევი თუ არა სიძულვილის ენით და მერე, ვინც სიძულვილის ენის მანკიერებაზე საუბრობს, ისინი გამოირჩევიან თუ არა თავად ამით, ეს შეაფასეთ. აღმოაჩენთ, რომ მდგომარეობა სხვაგვარია. ის, ვინც ხელისუფლებას აყვედრის სიძულვილის ენას, რეალურად თვითონ გამოირჩევა სიძულვილის ენით და სხვა მეტი არსენალში არაფერი აქვს,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძე ოპოზიციის შეფასებაში პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეთანხმება. მისივე თქმით, ოპოზიციამაც კარგად იცის 2024 წელს მათი მოსალოდნელი მარცხი, თუმცა, შესაძლოა, მათი საპირისპირო განცხადებები მიუთითებდეს იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ვნებათაღელვის გამოწვევა სურთ.
„ძნელია არ დაეთანხმო პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, როცა სავსებით მართებულად ამბობენ ოპოზიციაზე, რომ ისინი „ლუზერები“ არიან, რადგან შეეგუვნენ და საკუთარი პოლიტიკა მიჰყავთ იქითკენ, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი. როცა ოპოზიცია ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და აფასებს პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, აგერ, მოვა არჩევნები და კვლავ ვნახავთ რეალურ რეზულტატებს. მათაც კარგად იციან, მარცხისთვის განწირულნი რომ არიან.
სჯობს რადარები სწორი მიმართულებით გაასწორონ და სწორი დასკვნები გამოიტანონ არსებული მდგომარეობიდან, რაც სახელმწიფოში გვაქვს. მათ სასარგებლოდ არ მეტყველებს 2014 წლის განცხადებების გახსენება, რადგან სწორედ ასე მოხდა – 2014 წელს ნაწინასწარმეტყველები იმასთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემართებოდა, რეალური აღმოჩნდა. აბა ნახეთ, რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
ღარიბაშვილი 2014 წელს ამბობდა, ოპოზიცია გამქრალია რადარებიდან, დავასრულებთო და 2024 წელს იმავეს ამბობს. ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ „ერთმანეთს ამხნევებენ, ბიძინა მოვიდა და გადავრჩებითო“.
„ძალიან მძიმე დღეში არიან, ერთმანეთს უმტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“, 60 პროცენტი გვაქვსო. არც ერთ კვლევაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულია, ასეთი რამ არ ჩანს. მარგველაშვილის არჩევის მერე არ უჩვენებია „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი, მარგველაშვილსაც კი არ აუღია 60 პროცენტი. მაშინ, როცა ყველგან ივანიშვილი იყო და სულიერი რწმენის რანგში ჰყავდათ აყვანილი, მაშინ არ მიუღია ამხელა მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“. ახლა ყველამ ვიცით, რაც არის „ქართული ოცნება“, ხალხმა ვერაფერი ხეირი და სარგებელი მისგან ვერ ნახა, რომ შევხვდებით ქუჩაში მთავარი კითხვა არის, როდის მოშორდებიან აქედან. ოპოზიციის გეგმა არის, ხალხის პრობლემებზე მეტად ორიენტირებული კამპანია, მეტი სიახლოვე ადამიანთან, კაბინეტიდან და პარკეტიდან არჩევნებს ვერ მოიგებ, ამას სჭირდება ხალხთან კომუნიკაცია. ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და დარწმუნებულო ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც აგვიწყობენ ფეხს ამ პროცესში,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
ოპოზიცია მძიმე დღეშია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ როცა ამას „ქოცები“ ამბობენ, ამას ჩემს თავზე არ ვიღებ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავს იმხნევებენ და ამომრჩეველსაც ამხნევებენ.
„ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. შესაბამისად, მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია. ისინი თავს იმხნევებენ და ამომრჩეველს ამხნევებენ. „ქართული ოცნება“ ასეთი რიტორიკით ცდილობს, ვინმეს ხელი არ წაუცდეს დეპოლარიზაციისკენ და ეუბნება, რა არის პარტიის ხაზი – ჩხუბი, ბულინგი, უაზრო „ბლატაობა“ და ოპონენტების დაცინვა. ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, „ქოცნაცურში“ თუ სხვაში. ეს 60 პროცენტი ფანტაზიებს და მარჯვე ხელებს ეფუძნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა. პრემიერმა ოპოზიციას “ხელმოცარული” უწოდა და განაცხადა, რომ მათი “უსუსური მცდელობაა” , რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, რაც სიცრუეა, ხოლო ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვის რა წარსული აქვს.