ოკუპანტები ფართომაშტაბიანი ომისთვის ემზადებიან

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მსოფლიო უნდა მოემზადოს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის, – ამის შესახებ მან ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“თუ დავაკვირდებით უკრაინის ომის განვითარებას და რუსეთის თვალსაჩინო წარუმატებლობების ფონზე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ესკალაციისთვის”, – განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი იყო გაკვეთილი, რომლის შედეგადაც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მილიარდი ევროთი გაიზარდა.
რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტვიტერზე ავრცელებს.
მისივე ცნობით, გაწვევის მეორე ტალღისთვის რუსეთი გეგმავს, რომ 500,000-დან 700,000-მდე სამხედროს მობილიზებას.
“რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. მათი გეგმა არის, რომ 500,000-იდან 700,000-მდე პირი გაიწვიონ. აქამდე გაწვეული 300,000 სამხედრო – უკვე მოკლულია, დაჭრილი ან დემორალიზებული. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას – ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში”, – წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელში.
მობილიზაციის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. აღნიშნული ცნობები კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს, 21 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე უარყო- “ჩვენ ამას არ განვიხილავთ”, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, სამხედრო მობილიზაციის პირველი ტალღა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომში, 300,000 ადამიანი გაიწვია.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
“ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახალი დარტყმების შემდეგ, ვიმეორებ: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სადგურის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან განიხილა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და უკრაინის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფა.
რუსული ძალების მხრიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას 19 და 20 ნოემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა უწოდა.