მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩემთვის როგორც მთავარსარდლისთვის ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას-ოპოზიცია ომის 15 წლის თავს აფასებს

ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.
„გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები – აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.
ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ!
მათი სახელების უკვდავსაყოფად შემოვიღეთ ტრადიცია – მოგონების ყაყაჩო. სიმბოლურად, გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ“,- წერს სააკაშვილი.

როდესაც ხელისუფლება გარე მტრის ნაცვლად, წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას, ამას ჰქვია ღალატი , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ თარიღს იყენებს არა ჩვენი საგარეო მტრის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზავნილის დასაცავად, არამედ შიგნით ოპონენტების დემონიზებისთვის და პირდაპირ ან ირიბად მაინც წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას მტრის აგრესიაზე, ამ ყველაფერს ღალატი ჰქვია.
„ისეთ აბსურდამდე მიდიან, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში მტრის რეგულარული არმიის შემოსვლა კი არ არის ომის დაწყება, არამედ, როცა ღიად გამოჩნდნენ და თავადაც აღიარებენ, რომ მოქმედება დავიწყეთო, ის თარიღია თურმე უფრო საკვანძო. ათასი ბოდვითა და დემაგოგიით ცდილობენ ამის შეკაზმვას.
ხელისუფლება, რომელიც ასეთ დროს და ასეთ საკითხზე გარე მტრის ნაცვლად, ძირითადად საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებზე, თან წინა ხელისუფლებაზე, ამით ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. ამას აკეთებენ ისინი ყოველ წელს, მათ შორის, ამ თარიღთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი! – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებამ პუტინს და მედვედევს ჰააგის სასამართლოში პასუხისმგებლობა აარიდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები პასუხისგებაში მიეცათ.
„მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ღარიბაშვილის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც მან დღეს გააკეთა – ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი! შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და იმ სამხედროებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები. შენი ნარატივი ერთი-ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ საერთაშორისო ასპარეზზე. შენი მშვიდობა არის რუსული მონური მშვიდობა, ჩვენი მშვიდობა არის ნატო-თი და ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა. შენი მშვიდობა არის მშვიდობა, რომელიც მონობაში დაამყარა რუსეთმა ჩეჩნეთში, ჩვენი მშვიდობა არის ღირსებაზე, ერთიანობაზე, ძლიერი საქართველოს იდეაზე დაფუძნებული, ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად. ერთადერთი, რასაც თქვენ მიაღწიეთ ამ წლების მანძილზე – პუტინს და მედვედევს ჰააგის სასამართლოში აარიდეთ პასუხისმგებლობა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები მიეცა პასუხისგებაში ჰააგის სასამართლოს, მაგრამ იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის ცამდე გამართლდა ყველა ჩვენი სამხედრო და ქართული მხარე და რუსეთი არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.
და ბოლოს, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად. აი, თქვენ კი, საქართველოს მტრებს, რუსული ნარატივის და ინტერესების გამტარებლებს აუცილებლად მოგიჩენთ ადგილს ქართველი ხალხი. ასე, რომ წინ, დიდი გამარჯვებისთვის!“ – განაცხადა ვაშაძემ.

ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის “თავიდან აცილება შესაძლებელი იყო”,ენმ-ის თავმჯდომარე პასუხობს. ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ საქართველოა უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელიც ტერორისტ პუტინს წინააღმდეგობა გაუწია და შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, ხოლო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დასტურია საქართველოს სიმართლის
მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის. ღარიბაშვილზე ამბობენ, რომ ბერას ქოლგის დამჭერი იყო და ვფიქრობ, მისი უთავმოყვარეო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიდან გამომდინარე, მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობაა პუტინის კარის ოლიგარქის ოჯახში, ნომერ პირველი ლაქიის ფუნქცია.
მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, ლავროვი და პუტინიც კი რომ ვერ ამოუშვებს საყლაპავი მილიდან, ისეთ სიბინძურეებს საუბრობს ანტონ-ტრი-ტრი ღარიბაშვილი. მას და მის რუსულ ხელისუფლებას ვურჩევ, პირში დეზინფექცია ჩაიტარონ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს ახსენებენ და მითუმეტეს 2008 წლის რუსეთის აგრესიის კონტექსტში. საქართველო არის უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელიც ტერორისტ პუტინს და მის მაოხრებელ არმიას წინააღმდეგობა გაუწია – შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური საქართველოს სიმართლის და ჭეშმარიტი ობიექტურობის … პუტინი ძებნილია, როგორც სამხედრო დამნაშავე მსოფლიოში და მისი მიმდევარი ქართველი ორჯონიკიძეებიც უახლოეს პერიოდში გაიზიარებენ მის ბედს. რუსეთი დამარცხდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონას, საქართველოში.
დიდება გმირებს” წერს ხაბეიშვილი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად ისმის ის, თუ რატომ დაუჭირა მხარი მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი რეზოლუციის შინაარსს, საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მეხუთე პუნქტზე.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით თუ ვინმემ სარგებელი მიიღო, ეს საქართველო და ქართველი ხალხი იყო.
“ეს არის ომის შემდეგ პირველი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა ის, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. ამიტომ, ამ რეზოლუციით თუ ვინმემ მიიღო სარგებელი, ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი და თუ ვინმე დაზიანდა საბოლოო ჯამში ამ რეზოლუციით, ეს არის ოკუპანტი რუსეთი, რადგან ის ვარაუდები, რომელიც გამოთქმული იყო ამ რეზოლუციაში, საბოლოო ჯამში გააქარწყლა ჰააგის სასამართლომ, აღნიშნა და გარკვევით თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა მთელი ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ის ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ჩაწერილი იყო ამ რეზოლუციაში, რა თქმა უნდა გამოყენებული იყო მაშინდელი ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადებების საფუძვლით, რომლებიც აკეთებდნენ დამაზიანებელ განცხადებებს, ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და აცხადებდნენ, რომ თითქოს ომი დაიწყო საქართველომ, რაც არ დადასტურდა,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კაპანაძე.

“ლელოში” კი აცხადებენ, რომ “საქართველოს ომი არ დაუწყია და ვინც ტირაჟირებს საქართველოს მხრიდან ომის დაწყებას, ის ადამიანი მოღალატეობრივ საქმიანობაშია ჩართული”:
“საქართველოს ომი არ დაუწყია. საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ აწარმოებდა, ეს არის გამორიცხული და ვინც ტირაჟირებს საქართველოს მხრიდან ომის დაწყებას, ის ადამიანი მოღალატეობრივ საქმიანობაშია ჩართული საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ფაქტობრივი და ცალსახა მოცემულობა. კინკლაობა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არ არის საინტერესო. საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს ის სიმართლე, რაც არის ფაქტობრივ მტკიცებულებებზე და მოცემულობებზე დაყრდნობით,” – აცხადებს პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, „როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button