მნიშვნელოვანისიახლეები

რუსი სამხედროები საქართველოს მიწების ოკუპაციას განაგრძობენ

რუსი სამხედროები საქართველოს მიწების ოკუპაციას განაგრძობენ – ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევში რამდენიმე ათეულობით ჰექტარ ტერიტორიაზე ნიშნულები დაამონტაჟეს. თეთრი ლენტები ხეებს მათ ამჯერად სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ შეაბეს.

ოკუპირებულ ნაწილში მოყვა საცხოვრებელი სახლები, სასაფლაოები, სარწყავი არხის სათავე ნაგებობა და საძოვრები. ოკუპანტები სოფელში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

ამ ფონზე კი მთავრობა ისევ დუმილს ინარჩუნებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, ამბობენ რომ უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს ე.წ. საზღვრის მიღმა ხდება. თუმცა, ამ სოფელში ჯერჯერობით ე.წ. საზღვარი გავლებული არ არის.

ადგილობრივები კი ფიქრობენ, რომ ამით ოკუპანტები სამომავლოდ ბორდერიზაციის მიზნით პერიმეტრს ნიშნავენ.
მოსახლეობის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაახლოებით ერთი კილომეტრით შემოიჭრნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აგრძელებენ ე.წ ბორდერიზაციის პროცესს.

მათი თქმით, თუ ოკუპანტები მავთულხლართებს გაავლებენ, საოკუპაციო ხაზს მიღმა ორი ადგილობრივის, ვასო სეხნიაშვილის და ნოდარ ზანგურის საცხოვრებელი სახლები აღმოჩნდება.

სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავას ამბობს, რომ ოკუპანტების ქმედებებზე ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს და ამის გამო, ადგილობრივების მდგომარეობა სულ უფრო მეტად მძიმდება.

ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ადგილობრივების და დავით ქაცარავას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button