რაგბი ევროპის 2016 წლის სეზონი იწყება

მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ თბილისში „დიდი რაგბის“ დროც დადგა. 6 თებერვალს ევროპაში სანაკრებო რაგბის ახალი სეზონი სტარტს იღებს. ბობოლები დიდ 6 ერს შეუდგებიან, ხოლო ჩვენ რაგბი ევროპის მორიგ, მე-17 სეზონში ჩავერთვებით.

შარშან მსოფლიო თასზე საქართველომ მეოთხედ იასპარეზა, მოწინავე 12-ეულში შევიდა და 2019 წელს, იაპონიაში ასპარეზობა ახლავე დაიბევა. ეს ნიშნავს, რომ ‘რაგბი ევროპა’ ჩვენთვის შესარჩევი ტურნირი აღარაა, რის გამოც უწინდელზე უფრო თამამად შეგვეძლება ექსპერიმენტების ჩატარება და ახალგაზრდობის გამოწრთობა, მაგრამ მიღწეულსაც შენარჩუნება სჭირდება და ამდენად, ქომაგობა გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვს.

წლეულს შინ სამ მატჩს ვატარებთ. 6 თებერვალს გერმანიას ავჭალაში ვუმასპინძლებთ. მატჩი 14 საათზე დაიწყება (ფასი 5 ლარი). პირველ თამაშზე ბილეთები დაუნომრავი იქნება, ამიტომ ვინც თადარიგს დაიჭერს და სტადიონზე ადრე მივა, უკეთეს ადგილს დაიკავებს. ბილეთების გაყიდვის თარიღი კვირის ბოლომდე დაანონსდება.

მეორე საშინაო მატჩში ესპანეთს 27 თებერვალს ვუმასპინძლებთ. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, ხოლო რაგბი ევროპის წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩში 19 მარტს, ჩვენი ნაკრები თბილისში, ტრადიციულად მთავარ კონკურენტს – რუმინეთს ეთამაშება – ბორჯღალოსნები მუხებს დინამო არენაზე შეერკინებიან.

სამივე საშინაო მატჩის შუალედებში ბორჯღალოსნები გასვლაზე ორ შეხვედრას პორტუგალიისა და რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ. გერმანიის შემდეგ ნაკრები ლისაბონში გაემგზავრება, სადაც 13 თებერვლას პორტუგალია გვიმასპინძლებს, ხოლო რუსეთი სოჭში 12 მარტს დაგვიხვდება. რაგბი ევროპის წლევანდელი სეზონის 5-ვე მატჩს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button