მნიშვნელოვანისიახლეები

ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა

კვლევითი ცენტრი PMGC ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მოყვანილია გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა – ქვეყნის მოსახლეობის 23%.

ანგარიშის მიხედვით, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი (85 ათასი), უკრაინა (65 ათასი) და აზერბაიჯანი (49 ათასი). გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

ანგარიშის თანახმად, გაანალიზებულ პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ემიგრაციის თვალსაზრისით ოდნავ შემცირდა 75%-დან 72%-მდე. იმავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი 20%-დან 21%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების წილი – 3%-დან 5%-მდე.

„საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყნიდან ემიგრაცია ხასიათდება, როგორც შრომითი მიგრაცია, რომელიც გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით (უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და დაბალი ხელფასები). სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში. საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები.

2012 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია (გაანალიზებულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). სხვა ფაქტორებთან ერთად, 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა. 2018 წლიდან 2021 წლამდე საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო, ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა და გაანალიზებულ პერიოდში ერთადერთი დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (16 ათასი). თუმცა, 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (- 26 ათასი)“,- აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა. ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე.

“უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button