მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის ახალი 38 შემთხვევის მიუხედავად სწავლის დაწყება არ გადაიდება

კვლავ მატულობს კორონავირუსის შემთხვევები. საქართველოში ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

დადასტურებული შემთხვევების ზრდას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფიცირების ახალი 38 შემთხვევაა გამოვლენილი, სკოლებში სასწავლო პროცესი არ გადაიდება.

„საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული  განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.

„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რადგან  სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა  მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button