სამთავრობო გუნდი საერთაშორისო რეიტინგებში სიღარიბის შემცირების მაჩვენებელს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ხელისუფლების სწორ სოციალურ პოლიტიკას უკავშირებს

სამთავრობო გუნდი საერთაშორისო რეიტინგებში სიღარიბის შემცირების მაჩვენებელს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ხელისუფლების სწორ სოციალურ პოლიტიკას უკავშირებს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის მონაცემები ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. განახლებული ინფორმაციით, გაუმჯობესების ტენდენცია 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. რეიტინგის მიხედვით, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა, 2 წელში ორნახევარჯერ შემცირდა და 2024 წელს 1,8 პროცენტს გაუთანაბრდა.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, სიღარიბის მაჩვენებელი 2025 წელს 1,4 პროცენტამდე შემცირდება, 2027 წელს კი 1,1-ს გაუტოლდება. რეიტინგის მიხედვით, ეკონომიკურმა დინამიკამ დადებითად იმოქმედა როგორც სიღარიბის შემცირებაზე, ასევე დასაქმებაზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და მშენებლობის სექტორზე. ინვესტიციების ზრდასა და ახალ რეგულაციებზე კეთდება აქცენტი საქართველოს ეროვნულ ბანკშიც.
შრომის ბაზარზე არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტების განცხადებით, სიღარიბის შემცირება პირდაპირ კავშირშია გაზრდილ ეკონომიკასთან.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აქცენტი წლიური ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზეც კეთდება. ირკვევა, რომ 2024 წლის ბოლოს, ინფლაციის 1,9 პროცენტამდე შემცირებამ, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ცხოვრების დონე გააუმჯობესა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.2%), პური და პურპროდუქტები (2.2 %), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9 პროცენტი), თევზეული (1.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ტანსაცმელზე (2.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (0.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3 პროცენტი).
რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (18.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (15.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.0 პროცენტი), თევზეული (6.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20.0 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.2 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.