სახალხო დამცველი, არ აფასებს პროპორციული ძალა გამოიყენა თუ არა შსს-მ აქციაზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სურს პირადად დარწმუნდეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ მოხდება და გამოხატვის უფლება დაცული იქნება.
„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციას და დავრწმუნდე, რომ აქ ძალის გადამეტება არ იქნება და მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცული იქნება. აქციის დასრულებამდე აქ, ამ ადამიანებთან ერთად ვიქნები“, – განაცხადა იოსელიანმა.
თუმცა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
“პირველი, რაც გავაკეთე, მოვინახულე ადამიანები, რომლებიც სასწრაფოსთან არიან, ამ გაზმა პრობლემები შეუქმნათ მხედველობაზე. აქ ვარ, რადგან ჩემი თვალით ვნახო, შევაფასო მდგომარეობა რაც არის. გავავრცელეთ განცხადება სახალხო დამცველის ოფისმა დ ამოვუწოდეთ შსს-ს რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა”, – თქვა იოსელიანმა.
იოსელიანმა ვერ თქვა, გამოიყენა თუ არა შსს-მ არაპროპორციული ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამის შესაფასებლად მივიდა ადგილზე:
“ვცდილობთ ადგილზე გავერკვეთ სიტუაციაში და შესაბამისად, ამის შემდეგ სწორი წარმოდგენა შევიქმნათ. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა იმისთვის, რომ არ მოხდეს ადამიანების ჯანმრთელობის დაშავება. ამისთვის ვართ აქ სწორედ, რომ ამ ძალის პროპორციულობა შევაფასოთ.”- აცხადებს იოსელიანი.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის პირველი სამუშაო დღეა. დღეს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე პარტია “მოქალაქეების” წევრი, ახლა უკვე ყოფილი დეპუტატი ლევან იოსელიანი დაამტკიცა.
რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ინიციირებული 2 კანონპროექტიდან ერთ-ერთის -“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – განხილვა. პარლამენტმა ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით დღესვე მიიღო.