მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი უკრაინისთვის დუნაის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს-ბლინკენი

“მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსული დარტყმები დაგმო.

განცხადებას ენტონი ბლინკენი Х-ზე (ყოფილი Twitter-ი) ავრცელებს.

„რუსეთი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დუნაის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს, სისტემატურად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამას იმისთვის აკეთებს, რომ უკრაინული მარცვლეული, რომელიც ასე არის საჭირო ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის გამოკვებისთვის, ბაზარზე არ დაუშვას. ეს რუსული მეთოდური სახელმძღვანელოა: დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მედიის ცნობით, მანამდე ენტონი ბლინკენი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობესკუს დაუკავშირდა და რუსული დრონის ნაწილების რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის გამოძიების პროგრესზე გაესაუბრა.

ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის მხრიდან თავდასხმისგან იცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი საქმიანობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც რუსეთის ფედერაციამ ივლისში “მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს დაზვერვასა და დაკვირვებას შავ ზღვაში რუსეთის საქმიანობაზე დაკვირვებისთვის. ამ სადამკვირვებლო ოპერაციის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ამ რეგიონში ფრენებს ახდენენ, რათა რუსეთი სამოქალაქო გემებზე უკანონო დარტყმებისგან შეაკავოს”, – ციტირებს გამოცემა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს.

რუმინეთი, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბომბვის გამო, სასაზღვრო ტერიტორიებზე დაცვას აძლიერებს.

ამას გარდა, რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომიტეტმა, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა, რომ დუნაის ნაპირზე განსაზღვროს ის ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის დასაცავად აუცილებელია ზომების მიღება.

“უკრაინის პორტების რენისა და იზმაილის ბოლო და განმეორებითი დაბომბვის გათვალისწინებით, კომიტეტმა უფლება მისცა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიიღოს სპეციალური ზომები მოსახლეობის დასაცავად,” – წერია უწყების განცხადებაში.

რეგიონული გადაუდებელი ინსპექცია დაიწყებს ადგილობრივების ინფორმირებას, როგორ უნდა მოიქცნენ პოტენციურად საშიშ სიტუაციებში. რამდენიმე დასახლებაში აშენდება თავშესაფრებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button