მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია უკრაინას დაეხმარება

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს.

“რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და ბატონ პუტინს შეუძლია დაასრულოს ის დღეს, თავისი ჯარების ქვეყნიდან გაყვანით,” – თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

კირბის თქმით, მოლაპარაკების გზების პოვნა ომის დასასრულებლად ორივე მხარეს სჭირდება, მაგრამ როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამით არ დაინტერესებულა. მისი განცხადებით, ასობით ათასი რეზერვისტის გამოძახებით და პოლიტიკური ანექსიის მცდელობით, პუტინმა საპირისპირო აჩვენა.

4 სექტემბერს, თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ დღეს არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს. კირბის თქმით, უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის სურვილით გრძელდება. მისი აზრით, ეს არის ომი არა დასავლეთის ან შეერთებული შტატების, არამედ უკრაინის წინააღმდეგ და პუტინი ამ ომის გაგრძელებისთვის ყველაფერს აკეთებს.

გერმანული მედიის ცნობით, უკრაინა გერმანიიდან 11 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს მიიღებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს ზამთრისთვის საჭირო თბილ ფორმებს, კარვებს და საბრძოლო მოქმედებების აღჭურვილობას.

19 სექტემბერს, უკრაინამ გერმანიიდან Mars II და ჯავშანტრანსპორტიორი Dingo მიიღო. ამავე დღეს, გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინაში კიდევ ოთხ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს, Panzerhaubitze 2000 და საბრძოლო მასალას გაგზავნის.

26 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გადასცემს, რადგან შესაძლოა კონფლიქტი NATO-სა და რუსეთს შორის ომში გადაიზარდოს. შოლცის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, გერმანიამ უკრაინასთან დამოკიდებულება შეცვალა, რადგან ბერლინმა კიევს დიდი რაოდენობით ეფექტური იარაღი მიაწოდა. ამასთან, ის ამბობს, რომ გერმანია უკრაინის დასახმარებლად ბევრს აკეთებს.

მანამდე გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის €700 მილიონი გამოყო. სამხედრო დახმარების პაკეტი თანამედროვე არტილერიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button