ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სანქციები გამკაცრდება-კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიციირებული

ხე-ტყის უკანონო ჭრა, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები, ან კანონიერი საამქროები, რომლებიც უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას იბარებენ და ამუშავებენ – ეს ყველაფერი გარემოს მძიმედ აზარალებს, რაც დიდი ხანია გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი და ზედამხედველი ორგანოებისთვის უცვლელ გამოწვევად რჩება. ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური, ხშირად აქვეყნებენ ინფორმაციას დალუქული ობიექტების, დაჯარიმებული საწარმოების თუ კერძო პირების შესახებ, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს საკმარისი არ არის. ამ ფონზე მთავრობამ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
ცვლილებების მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციული სასჯელის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის. ზოგიერთი მუხლი კი რომელიც პატიმრობას ითვალისწინებდა მკაცრდება. მაგალითად, თუ საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევაზე 1 წლამდე პატიმრობა იყო გათვალისწინებული, სასჯელი 3 წლამდე გაიზრდება.
ახალი მუხლი იქმნება სახერხის ტერიტორიაზე არამარკირებული მასალის განთავსების შემთხვევაში. ეს ამ დრომდე ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯებოდა, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. დიდი ოდენობის ამოღების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.
სანქცია მკაცრდება ხეტყის უკანონო გაჩეხა-დამზადებაზე. სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით უკანონო ჭრისთვის 5-დან 7 წლამდე საპატიმრო სასჯელი დაწესდება. გამკაცრება შეეხება ხის მასალის უკანონო ტრანსპორტირებასაც- აქ სასჯელი 3-5 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.
პრობლემის სიმწვავეს აჩვენებს დარღვევის ფაქტების სტატისტიკა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 500-მდე ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკანონო ტყით სარგებლობის 1100-ზე მეტი შემთხვევა, 81 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 360 ფაქტი აქვს აღრიცხული.
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება.
მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.
ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
“ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე მკაცრდება სანქცია. აქამდე იყო 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1-დან 3 წლამდე განისაზღვრება ახალი სანქცია. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი, 287-ე სეკუნდა მუხლი, რომელიც ეხება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის, იგივე მორის განთავსებას. ამ სამართალდარღვევისთვის მანამდე გათვალისწინებული იყო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ახლა უკვე განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – საუბარია 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაზე. თუ დიდი ოდენობით ხდება მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება, ამ შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის სანქციად გათვალისწინებული” – თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმითვე, სანქციები ასევე მკაცრდება მერქნული მცენარის გაჩეხასა და დამზადებაზე.
„ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნული მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხისთვის და გათვალისწინებული იქნება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე სანქციები მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზეც. აქაც არის მკაცრი სანქცია – 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის ცნობით, კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიციირებული პარლამენტში.
უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების მიზანი ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ კანონპროექტი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შესახებ, რომლებიც, პრევენციის მიზნით, ხე-ტყის უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სატყეო სექტორში კომპლექსური რეფორმა დავიწყეთ, რომლის საფუძველიც იყო ახალი ტყის კოდექსის მიღება. დღეს 54-მდე საქმიანი ეზო ფუნქციონირებს სატყეო სააგენტოში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის მიწოდებას. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვა. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები. ოთხი ათას ჰექტარზე მეტი ფართობია უკვე მოცული და პროცესი მომდევნო წლებშიც გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები. თუმცა, ხე-ტყის უკანონო მოპოვება მაინც რჩება გამოწვევად. აქედან გამომდინარე, მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული ხე-ტყის აღმოჩენა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანი არის უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია და ვფიქრობთ, ეს კანონპროექტი ამას ხელს შეუწყობს. როგორც პრემიერმა განაცხადა, კანონპროექტი გადაეგზავნება პარლამენტს და პარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.