ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

ახალი ბრალდებები „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ

საგამოძიებო ცენტრმა „დოსიემ“ „პატრიოტთა ალიანისის“ შესახებ ახალი მასალები გამოაქვეყნა, მმართველი ძალა კი ძველებურად აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი არ არსებობს.

ჯერ კიდევ „დოსიეს“ გამოქვეყნებული გამოძიების პირველი ნაწილის გასაჯაროებისას, „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებიდან მოხსნილიყო. ახლა, უკვე გამოძიების მეორე ნაწილი გამოქვეყნდა და „პატრიოტთა ალიანსის“ მისამართით კიდევ მეტი შეკითხვები აქვს მთელ ოპოზიციას. ამის მიუხედავად, პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ ელენე ხოშტარიას მოთხოვნას უარით უპასუხა და საქმე შესასწავლად საქართველოს აუდიტის სამსახურს გადასცა,

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია „დოსიემ“ გამოძიების ახალი ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრურუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

„დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მორიგ დოკუმენტებში ყურადღებაა გამახვილებული „პატრიოტებისთვის“ რუსეთიდან ნაკარნახევი რჩევა-დარიგებების შესახებ, რაც ირმა ინაშვილის პარტიას უნდა გაეთვალისწინებინა აფხაზეთში საიდუმლო ვიზიტის გამჟღავნების შემდეგ.

„დოსიე“ ასაჯაროებს იმ მესიჯებს, რაც „პატრიოტებს“ თავის გასამართლებლად უნდა გამოეყენებინათ:

„ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო“;

„მილიონ ადამიანზე მეტი გამოვკითხეთ და 70% სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, სახალხო დიპლომატიით ნაციონალურ ინტერესებს ვემსახურებით“;

„არსებობენ ისეთები, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს. ისინი ხელში საბრძოლო იარაღს იღებენ, ჩვენ კი ღალატში გვადანაშაულებენ. ვინ და რატომ აკეთებს ამას? ის, ვისაც ომით ფულის შოვნა უნდა, ვისაც აწყობს, რომ ჩვენი შვილები დაიღუპონ“;

„მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. პატრიოტთა ალიანსი უზრუნველყოფს, რომ სამუდამოდ გამოირიცხოს ქვეყნისა და ხალხის დამღუპველ ომში ჩათრევა. ამისთვის გთავაზობთ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს“.

„დოსიეს“ გამოქვეყნებული ინფორმაცია

 

„დოსიეს“ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია პარტის წინასაარჩევნო აქტივობების შესახებ.

აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში აჭარის მაცხოვრებლებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოახდინონ, ამის ორგანიზატორი შეიძლება იყოს რომელიმე ახალი ძალა, მაგალითად, აჭარის დაცვის ახლადშექმნილი არაფორმალური კომიტეტი და სხვა.

მაჟორიტარობის კანდიდატების აქცია – „წაიყვანე ბავშვები სკოლაში“, რაც ღარიბი ოჯახებისთვის სასკოლო ნივთების გადაცემას გულისხმობს.

საკანონმდებლო ინიციატივა – ყველა ქართველს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის რუსეთში, უნდა შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, გაიხსნას საარჩევნო უბნები მათ შორის რუსეთში.

28 აგვისტოს, მარიამობას – ლიდერები მივიდნენ რომელიმე მონასტერში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ხატს აჩუქებს – გადაეცით მონასტერს/ეკლესიას საჩუქარი რუსეთის ქართული ეკლესიისგან (შეიძლება არჩილ ჭყოიძის გავლით გადაცემა). საპასუხოდ ისინი გადმოსცემენ მოსკოვში არსებულ ქართულ ეკლესიას ანალოგიურ საჩუქარს გადმოსცემენ … მიზანი არის იმის ჩვენება, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მსგავსია საკვანძო საკითხებში – რუსეთთან და რუსებთან, როგორც ერთმორწმუნე ძმებთან, ურთიერთობის აღდგენა.

გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, როგორაა დაგეგმილი კამპანიის წარმოება სოციალურ ქსელებში: უნდა გამართონ პატრიოტული სიმღერის კონკურსი, გამართონ „მხარდაჭერის მარში“, სადაც ცნობილი ადამიანები გამოხატავენ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას.

„დოსიეს“ მასალებით, „პატრიოტები“ მოსკოველ პარტნიორებს იმ ადამიანების პირადი მონაცემების მიწოდებას სთავაზობენ, ვინც მათი მხარდამჭერია.

„მიიღებთ ფოტოებსა და ინფორმაციას მათ შესახებ. მათ შორის არიან, მაგალითად, პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერლები თამარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, კარატისტი კაკაბაძე, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირიდან გონაშვილი, ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი და სხვა“, – წერენ თბილისიდან.

დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, რომ „პარტრიოტთა ალიანსი“ ყველა რჩევას ვერ ასრულებს. მაგალითად, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავზე თბილისში მიტინგი ვერ გამართეს, რაზეც პატრიოტებმა ისტრუქტორებთან თავი იმართლეს:

„ჩვენც კი არ გვაპატიებენ ამ თემაზე ამ დღეს მიტინგის მოწყობას“, – წერენ თბილისიდან.

ოპოზიცია – პროკურატურა პრობლემას გადაეფარა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არასწორია საქმეში გასარკვევად აუდიტის სამსახურის ჩართვა, რადგან საგამოძიებო ფუნგქცია აქვს პროკურატურას და არა აუდიტის სამსახურს. მისი თქმით, ამჯერადაც საქმე გვაქვს არჩევნებში რუსეთის მორიგ ჩარევასთან.

რომან გოცირიძე

„რუსეთი ყოველთვის ერეოდა არჩევნებში საქართველოში. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ სწორედ რუსეთის და „პატრიოტთა ალიანსის“ ხელით დაიდგა ციხის კადრები – ფაბრიკაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2012 წლის არჩევნების შედეგებზე“, – ამბობს გოცირიძე.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც მიმოსვლა გართულებულია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს არ შეუძლიათ მოსკოვში იოლად შეხვდნენ რუსეთის სპეცსამსახურებს, წავიდნენ დიდ რისკზე და ჩავიდნენ აფხაზეთში.

გოცირიძის თქმით, პროკურატურა იყო ის ორგანო, რომელსაც უნდა გამოეკვლია არის თუ არა სწორი ის ინფორმაცია, რაც „დოსიეს“ მიერ გავრცელდა, ასევე უნდა გამოეკვლია დასახელებული ადამიანების გვარები, კონტაქტები, როგორ მოძრაობდა ფული. ასევე გამოსაძიებელია ზუსტად ახლა რატომ მოხდა აფხაზეთში გადასვლა, როგორ გაიარეს ჯერ ქართული ძალოვნების კონტროლი, შემდეგ რუსული სპეცსამსახურების და ასევე ე.წ. აფხაზური მესაზღვრეების ბარიერი.

„ეს ყველაფერი ხომ გამოსაძიებელია? ესენი ამბობენ, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს ფინანსებიო. ეს არის გადამისამართება და ასე გადაფარა საქართველოს პროკურატურამ რეალური პრობლემა“, – ამბობს გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, თუკი „ქართული ოცნება“ რამე კრიტიკულს იტყვის „პატრიოტებზე“, ის ისეთივე ფასადური იქნება, როგორც „ქართული ოცნების“ ხმამაღლა ნათქვამი დასავლური ღირებულებების ლოზუნგები, როცა ერთს ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად რუსეთის საქმეს აკეთებენ.

„ქართული ოცნება“ – საკითხის დაყენება არასერიოზულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „პატროტთა ალიანსის“ არჩევნების მოხსნის მოთხოვნას არასეიოზულს უწოდებს.

„ფურცლის გამო მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია“, – ამბობს ვოლსკი. მისი თქმით, საკითხს სერიოზული მსჯელობა და მოკვლევა სჭირდება და ამის შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

„საჭირო და მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. არ ვიცი, ვისაც ეს ევალება, უნდა მოიკვლიონ. ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად არის დაფინანსებული ეს „პატრიოტთა ალიანსი“ გარედან, მითუმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია“, – ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან არის დაფინანსებული, „ეს ამ პარტიის დასასრული იქნება“.

„პატრიოტები“ – ბრალდებები აბსურდია

კომენტარი გააკეთა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ.

„იმდენად აბსურდულია ბრალდებები, რომ ამაზე პასუხიც კი სასაცილოა, – ამბობს ლომია „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე.

გიორგი ლომია

მისი თქმით, „ძალიან ცუდია“, რომ აუდიტის სამსახურმა დოსიეს გამოგზავნილი საბუთების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.

„ახლა გავიგე პირველად, რომ აუდიტის სამსახურმა დოსიეს გამოგზავნილი საბუთების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. თუ დაიწყო, ძალიან ცუდია. არ შეიძლება, რომ ფარატინა ქაღალდის საფუძველზე, რომელიც პრინტერზე არის ამობეჭდილი, სადაც არანაირი დასახელება საერთოდ „პატრიოტთა ალიანსზე“ არ მეტყველებს, ან პროკურატურაში შეიტანო სარჩელი, ან აუდიტის სამსახურს ამ საკითხის გამოძიება მოსთხოვო. ეს არის აბსურდი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ არამხოლოდ პოლიტიკური სპექტრია გაერთიანებული, არამედ მთავრობაც მონაწილეობას ამ სპექტაკლში“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button