ახალი პარტია – „ჩვენი საქართველო – სოლიდარული ალიანსი“
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარული ალიანსი“ დააფუძნეს. არსებობდა მოლოდინი, რომ პარტიაში ფრაქციის ექვსივე წევრი გაერთიანდებოდა, თუმცა პარტიის ფორმირებაში მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა: ბექა ნაცვლიშვილმა, მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. პარტიაში არ არიან ფრაქციის წევრები ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი.
ახლადდაფუძნებული პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა „აიპრესს“ უთხრა, რომ მათ შორის არავითარი წყალგამყოფი არ ყოფილა და თანაფრაქციელების მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს.
„არა, ჩვენს შორის არავითარი წყალგამყოფი არ გაჩენილა. კობა ნარჩემაშვილს აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. ის ჩვენთან ითანამშრომლებს ინტელექტუალურ დონეზე, მაგრამ პარტიაში გაწევრიანებას არ განიხილავს.
“ლევან კობერიძეს ჰქონდა ეს შესაძლებლობა, მაგრამ არ ვიცი, მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას ხვალ, მაგრამ ჯერჯერობით, არ მიუღია. ამიტომ მე მათ არჩევანს პატივს ვცემ და იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერა ჩვენ გვექნება, იქნება ეს პარტიის შიგნით წევრობის თვალსაზრისით თუ პარტიის გარეთ გარე მხარდაჭერის თვალსაზრისით.” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
პარტიის კიდევ ერთი დამფუძნებელი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მათი პარტიის კარი თანაფრაქციელებისთვის ღია რჩება.
„მიზეზების დასახელება არ არის სწორი. ჩვენ მეგობრები ვართ, ერთი გუნდის წევრები ვართ და არ არის სწორი ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან. კობა ნარჩემაშვილს ჯერ არ აქვს თავისი პოლიტიკური მომავალი გამოკვეთილი, საერთოდ იქნება თუ არა პოლიტიკაში. ამიტომ, პარტიაში რომ შემოსულიყო, შუა გზიდან ვეღარ წავიდოდა, მისი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.
“ლევან კობერიძე ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარია და ისიც ფიქრობს, რა გადაწყვეტილება მიიღოს. თუ მომავალში გადაწყვეტენ, რომ შემოგვიერთდნენ, ჩვენ ღია ვართ. დროის საკითხია, რომ ყველამ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც მიაჩნია სწორად.” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კობა ნარჩემაშვილმა კი განაცხადა, რომ ელოდება საკონსტიტუციო ცვლილებებს და მერე გადაწყვეტს, საერთოდ ღირს თუ არა პოლიტიკაში დარჩენა.
„ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან არასტანდარტული და არაორდინალური ვითარებაა. ეს არის განსხვავებული ჩვენი უახლოესი პერიოდიდან. მეორე საკითხი უკავშირდება იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხი მაინც არ არის გადაწყვეტილი. საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება თუ არა მიღებული და როგორი მხარდაჭერა ექნება მას, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს დიდწილად განაპირობებს ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას, რა ფორმით მაინტერესებს პოლიტიკაში მონაწილეობა და საერთოდ მაინტერესებს თუ არა.
“თუ სივრცე ჩაიკეტა და დარჩა ორი პოლიტიკური ძალა, ერთს „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ბევრი ნაქურდალი ფული და მეორეს, „ქართულ ოცნებას“, – თავისი პარტიის თავმჯდომარის, ამ დისკურსში შესვლის აზრს ვერ ვხედავ. მით უმეტეს, როდესაც გადანაწილებულია ტელევიზიები და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მწირი რესურსი არსებობს, შესაძლოა, არც ღირდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ველოდები საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არსებითად ცვლის ვითარებას.” – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ლევან კობერიძე კი აღნიშნავს, რომ ფრაქციის შექმნა ტექნიკური საკითხი იყო და ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი აუცილებლად ერთ პარტიაში იქნებოდნენ.
„მე მგონი, არასწორი მოლოდინი იყო და რატომღაც ყველამ ჩათვალა, რომ ერთ პარტიაში ვიქნებოდით. ფრაქცია ჩვენ გავაკეთეთ ტექნიკური თვალსაზრისით. არსებული რეგლამენტით ძალიან მცირე უფლებები აქვს უფრაქციო დეპუტატს მუშაობისა და მექანიზმების თვალსაზრისით. როდესაც ფრაქცია შევქმენით, იმთავითვე განვსაზღვრეთ მისი ფუნქცია, რაც იყო ის, რომ ფრაქციის მექანიზმებით გვესარგებლა საპარლამენტო საქმიანობაში სრულყოფილად ჩართვის თვალსაზრისით. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ჩვენ აუცილებლად ერთად ვიქნებოდით შემდგომში პარტიაში. იმიტომ, რომ პარტია ცალკე თემაა. ფრაქციის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ერთად გაეკეთებინათ პარტია, ხოლო მე და კობა ნარჩემაშვილმა ჩვენი გზა ავირჩიეთ.
“მე ვრჩები პოლიტიკაში და აუცილებლად მივიღებ არა მხოლოდ 2020-ის არჩევნებში მონაწილეობას, არამედ გრძელვადიანი გეგმები მაქვს. მთავარი ამოცანა ახლა არა ისაა, ვინ რომელ პარტიაში შევა, არამედ მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ შედგეს ამ ორპოლუსიანობის მიღმა ახალი ერთობა და ამ ერთობით მოხდეს გასვლა საარჩევნო ველზე. ამ ეტაპზე ამ თემით ვარ დაკავებული, რომ გარკვეუწილად მოვახდინოთ გაერთიანება, იქნება ეს პარლამენტის შიგნით, გარეთ. ამას ექნება მაჟორიტარების ფორმა თუ ამას ექნება ერთიანი სიის ფორმა, ეს შემდგომი მსჯელობის საგანია. ამას საზოგადოებას მლე შევატყობინებთ.” – განაცხადა ლევან კობერიძემ.