ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრები
ადგილობრივი მედია Jnews-ი 8 აგვისტოს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების კადრებს ავრცელებს. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს პირი, რომელმაც ჩხუბის დროს, 27 წლის კაცს, ცეცხსასროლი იარაღით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ახალქალაქში მდგომარეობა სოფელ კულიკანის მცხოვრების, ვართიკ მირანიანის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დარბეული სასტუმროს მეპატრონის შვილსა და გულიკამელ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წლების წინ დაიწყო და პერიოდულად, მწვავდებოდა ხოლმე.
ამ დროისთვის, ადგილზე სიმშვიდეა. ტერიტორია სპეცრაზმმა გუშინ, 9 აგვისტოს დატოვა.
მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ინციდენტში მონაწილე პირებმა გადაწვეს ოთხი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური, დაზიანებულია ორი მანქანა.