მნიშვნელოვანისიახლეები

ალასანია სასამართლოში ფულის გათეთრების დღემდე უცნობ საქმეზე დაიბარეს

გამოაცხადებს თუ არა ძებნას პროკურატურა პრეზიდენტის ბიძაზე? დღეს ირაკლი შოთაძის უწყებამ თემურ ალასანიას წინაღმდეგ თაროდან 10 წლის წინანდელი საქმე ჩამოიღო. ალასანია სასამართლოში ფულის გათეთრების დღემდე უცნობ საქმეზე დაიბარეს, თუმცა პრეზიდენტის ბიძა დაკითხვაზე არ მივიდა. პროკურორის განცხადებით, საქართველოში აღარ იმყოფება.

მიხეილ სადრაძის განმარტებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურორის თქმით, სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იქნა დაბარებული თეიმურაზ ალასანია. მისი თქმით, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბინზესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს.

“სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებული იქნა თეიმურაზ ალასანია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, თუმცა, მან უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. შესაბამისად, მისი უარი იყო ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბრალდების მხარემ მივმართეთ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი დაკითხვის შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა. შესაბამისად, ერთადერთი გადაწყვეტილება რაც შეიძლება სასამართლოს მიეღო იყო ის, რომ ეს საკითხი განუხილველად დატოვა. ვიდრე ეს პროცესი განხორციელდებოდა, ბუნებრივია, ჩვენ მოწმესთან, მის ადვოკატთან გვქონდა კომუნიკაცია, ეს იყო 18 დეკემბერს. მასთან კომუნიკაციის შესაბამისად შემოვიტანეთ შუამდგომლობა, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ის დღეს, წესით საქართველოში უნდა ყოფილიყო და მონაწილეობა უნდა მიეღო დაკითხვაში. თუმცა ფაქტია, რომ არ არის სასამართლოში. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა მხოლოდ. ფაქტია, რომ დღეის მოცემულობით არ არის საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს თეიმურაზ ალასანიასთან. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაისვას ყველა ლეგიტიმური კითხვა მის წინაშე და მოვისმინოთ შესაბამისი პასუხები”, – აცხადებს მიხეილ სადრაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2012 წლის საქმეზე, რომელიც ეხება დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის მითვისებას, თუმცა, რა სტატუსით დაიბარეს დღეს გამოკითხვაზე თემურ ალასანია, პროკურატურა არ აკონკტრეტებს.

თემურ ალასანიას ადვოკატის, ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. ასწორედ ამის გამო არ მვიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დღეს დანიშნულ გამოკითხვაზე.

ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა.

ის 17 დეკემბერს, ერთხელ უკვე იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა საქმეზე, რომელიც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს შეეხება.

საქმე ეხება 2018 წლის 25 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება თავის ბიძას, თემურ ალასანიას. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, ალასანია ქართველებს მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამბობს, რომ მილიონს გადაუხდის „ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას.“ თემურ ალასანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ამ ჩანაწერს უწოდეს ტყუილი და ფაბრიკაცია.

მაშინ, გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა იმჟამად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ავთენტურობის დადგენამდე არ სჯერა ჩანაწერის, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბრობენ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button