მნიშვნელოვანისიახლეები

ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს.. ადვოკატის ინფორმაციით, ელისაშვილს დაკავების შედეგად დაზიანებები აღენიშნება.

როგორც მედიას პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ალეკო ელისაშვილს კლინიკაში ასევე რენდგენს გადაუღებენ, ვინაიდან, მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები.

ამასთან, პარტიაში აღნიშნავენ, რომ გარდა ფერდისა, მას ნახეთქი დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში.
ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა სახალხო დამცველმაც.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. უწყების ინფრმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, კვლევები აჩვენებს, დარჩება თუ არა კლინიკაში ელისაშვილი.

„ამას კვლევები აჩვენებს“, – განაცხადა კითხვაზე საპასუხოდ ზურაბ ჩხაიძემ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ელისაშვილი ალი ბაბაევის მიმართ დევნის ბრალდებით არის დაკავებული, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button