მნიშვნელოვანისიახლეები

“სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს,,-კობახიძის თქმით კვლავ უკრაინის მეგობარია

ზელენსკის მიერ დასანქცირებულთა სია მხოლოდ პირად პოლიტიკურ ინტერესს აკმაყოფილებს

“ვიღაცები ცდილობენ, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის მხრიდან სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.
“ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. სიის პრინციპი ნაკლებად საინტერესოა. თავად სანქციების დაწესება არის ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის პირველ მარტს, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით. პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა და მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები.
ამ ორი საბაბით თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან. აქედან გამოჩნდა, რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი და ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, უშიშროების საბჭოს მდივანი, საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე, ისიც მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ეს პროცესი არ დასრულდა, გრძელდებოდა მუდმივად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, შემდეგ გამოაძევეს საქართველოს ელჩი უკრაინიდან, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან.
“გამოაძევეს იმიტომ, რომ “რუსეთი ჩვენი ხელით კლავდა სააკაშვილს ციხეში წამებით”. დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა და ის სავარაუდო გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია. უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს არ არის დამოუკიდებელი. საბოლოო ჯამში, მთავარია ის, რომ ვიღაცები ცდილობენ, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ჩვენთვის მთავარია, რომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინასთან, რადგან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ჩვენთვის ძვირფასია უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული და სოლიდარული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არათუ ბოლო დღეების, არამედ ბოლო წლების და ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის განწირულ მოთხოვნას, რომ რომელიმე უცხოელმა აქტორმა დაასანქციროს ან რაიმე მავნებლური ზომები მიიღოს ამ ქვეყნის მოქალაქეების და თვითონ საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისულების მიერ დაწესებული სანქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის ერთგვარი დამამშვიდებელი პრიზი და გადაგდებული ლუკმაა, თუმცა, ბითაძის შეფასებით, გამაოგნებელია, როგორ იცლის ომში მყოფი ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებისთვის.
“სანქციები, რომელიც უკრაინამ დააწესა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არის გადაგდებული ლუკმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის, შეიძლება ითქვას, მათი დამამშვიდებელი პრიზი, თუმცა, გასაოცარია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა, რომლის არათუ ტერიტორიული მთლიანობა, არამედ, მომავალი სამწუხაროდ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, სწორედ უკრაინის მოქმედი ხელისუფლების არასერიოზული ნაბიჯების გამო, რუსეთის ოკუპაციის გათვალისწინებით, გამაოგნებელია, თუ როგორ იცლის უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი საქართველოსთვის და როგორ იცლის იმისთვის, რომ დაასანქციროს საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც გზების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი”,- აღნიშნა მაია ბითაძემ.

ზელენსკის მიერ დასანქცირებულთა სია იმდენად გაუგებარი და აბსურდულია, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ პირად პოლიტიკურ ინტერესს აკმაყოფილებს და იმ დატვირთვას ვერ შეასრულებს, რის გამოც გამოაცხადეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ალბათ საზოგადოება მიეჩვია, როგორ მოქმედებს აქაური აგენტურა თავისი გარე პატრონების დახმარებით, რომელთაც სურთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და აქციების მუხტი რაღაცით გააძლიერონ. როგორც ჩანს, ეს ხალხი გარე პატრონებისგან გარკვეულ დახმარებას ითხოვდნენ, რომელთაც ამ მცირე საჩუქრით – ზელენსკის მიერ გამოცხადებული საკმაოდ გაუგებარი სანქციებით სცადეს მათი დაკმაყოფილება. სია იმდენად გაუგებარი და აბსურდულია, ალბათ ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ პირად პოლიტიკურ ინტერესს აკმაყოფილებს და ეხმიანება, და იმ დატვირთვას ვერ შეასრულებს, რის გამოც გამოაცხადეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

უკრაინის ხელისუფლება რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო რაც შეეხება ამ სანქციებს ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, იმიტომ, რომ ამ უსამშობლოთა გაერთიანება, ჯაშუშური ქსელი, რომელიც ყოველდღე დასტურდება რეალურად რა საქმიანობით იყვნენ თურმე დაკავებულები, ეხვეწებიან თავიანთ პატრონებს, რომ რაიმე ქმედებები განახორციელონ, რაიმე სანქციები დააწესონ და რაც ვნახეთ ახლა უკრაინის მხრიდან, ფაქტობრივად შეგვიძლია ჩავუთვალოთ, რომ გადმოუგდეს უკრაინის ხელით თავიანთმა პატრონებმა ეს რაღაც სანქციების პაკეტი, რომელიც ჯერ არ ვიცით საერთოდ რას ნიშნავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კირცხალიამ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები გარკვეული პერიოდით ასაზრდოებს ჯაშუშთა გაერთიანებას, ქსელს, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ოპერირებს ქვეყანაში ოპოზიციის სახით.
“რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ხელისუფლებისგან და იმ ადმინისტრაციისგან, რომელმაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ არ გავუშვით სახელმწიფოს სახელით მოხალისე მეომრები და ა.შ. და ამავდროულად პირველი ვიყავით ჰუმანიტარული ტვირთით დახმარებაზე ჩვენი დები და ძმებისთვის, მე უკრაინელ ხალხზე, ჩვენ დებზე და ძმებზე მაქვს საუბარი და არა მის ხელისუფლებაზე და მის მოქმედ ადმინისტრაციაზე, ვნახეთ ელჩის გაწვევა რა მიზეზით, მერე ვნახეთ უმაღლესი ორგანოები და პირდაპირი მოწოდებები ომში ჩართვის თაობაზე.
ეს ხომ არაფერი წარმოდგენა არ არის და ინტერპრეტირება არ არის, პირდაპირ ეთერში უყურებდა საზოგადოების თითოეული წევრი ამ ყველაფერს, შემდეგ უკრაინიდან ჩვენი ელჩის გამოშვება, რომელიც ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როცა არცერთი ელჩი არ იმყოფებოდა მათ ქვეყანაში, იქ იყო და მიზეზი რატომ გამოუშვა? – თურმე სააკაშვილს აწამებს ხელისუფლება. სრული აბსურდი. აი ასეთ ქმედებებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ისინიც მართულები არიან და რაც დაავალეს მათმა პატრონებმა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით და მკაფიოდ, ჩვენი ჯაშუშთა ქსელი ამ მოვლენების შემდეგ, თავიანთივე დაგეგმილი, დესტრუქციული მოვლენების შემდეგ ეხვეწებოდნენ, რომ რაიმე სანქციას და ქმედით ნაბიჯებს ეხვეწებოდნენ თავის პატრონებს, ხოლო ქმედითი ნაბიჯი ვნახეთ – უკრაინის ხელისუფლების ხელით გადმოუგდეს რაღაცა თემა, რომელიც კვირიდან კვირამდე ან დღიდან დღემდე ასაზრდოებს ჯაშუშთა გაერთიანებას და ქსელს, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციის სახით”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დემოკრატია არაფერ შუაშია, ეს სანქციები პასუხია მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა და ქვეყანა მეორე ფრონტად არ იქცა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველო განადგურდეს და ომი იყოს, ეს არ მოხდება.
„ჩვენ ბოლომდე მშვიდობას დავიცავთ. რასაკვირველია, ეს აქტი პოლიტიკურ კურიოზებში შევა. როგორც ჩანს, სიაში ინფრასტრუქტურის მინისტრი იმიტომ არის, რომ ბოლო წლებში ინფრასტრუქტურა კარგად მოეწყო და ისტორიული მასშტაბის პროექტები განხორციელდა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებას განცხადებით პასუხობს.

ზვიად შალამბერიძე უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრისთვის “მადლობის” ნიშნად, დღეს მისი სახელი და გვარის სანქცირებულთა სიაში აღმოჩენა მოუწია.

როგორც შალამბერიძე აღნიშნავს, ეს ნამდვილად უნიკალური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება “შეაფასო” გულწრფელი გვერდში დგომა, რომელიც ყველაზე რთულ დროს გაგიწიეს.

შალამბერიძე იმედოვნებს, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, შეძლებს მეგობრების ნამდვილი სახის დანახვას და “მტრის” ძიებაში შეცდომების თავიდან აცილებას. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ყოველთვის, რჩება თავისუფლების, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მხარდამჭერად ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის უკრაინისთვის.

“დღეს შევიტყვე, რომ უკრაინამ ჩემს მიმართ სანქციები გამოაცხადა. სიმართლე რომ ვთქვა, ეს გადაწყვეტილება ჩემში შერეულ ემოციებს იწვევს – გაკვირვებას და, გარკვეულწილად, სარკასტულ მადლიერებასაც. რთულია გავიგო, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელმაც საჭირო დროს ყველაფერი გააკეთა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ახლა აღმოჩნდეს მათ შორის, ვინც თითქოს ამ ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

ფაქტები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია

ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ უკრაინისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როგორც იმერეთის რეგიონის გუბერნატორი, პირადად ვაკონტროლებდი 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება – გაგზავნას. ეს იყო დახმარება, რომელიც დიდი ძალისხმევითა და გულწრფელი სურვილით იყო შეკრებილი, რათა უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა გამოგვეხატა. ამ დროს ჩვენ არ ვფიქრობდით პოლიტიკურ უთანხმოებებზე ან საზღვრებზე – ვფიქრობდით მხოლოდ იმაზე, როგორ დავხმარებოდით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

გარდა ამისა, არაერთხელ შევხვდი საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს და ვუწევდი მათ ყველა შესაძლო მხარდაჭერას, რათა ისინი ჩვენ ქვეყანაში თავს სტუმრად კი არა, არამედ ჩვენი საზოგადოების ნაწილად გრძნობდნენ. ჩემი ყოველი ნაბიჯი მიმართული იყო ჩვენი ხალხების მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებისკენ.

განხორციელებული სამუშაოების და ინიციატივების მოკლე ჩამონათვალი

1. ჰუმანიტარული დახმარების პირველი ეტაპი (10 მარტი):
იმერეთის რეგიონიდან გაგზავნილი 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი.

შეგროვდა მედიკამენტები, პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, არამალფუჭებადი პროდუქტები, ტანსაცმელი, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები.

აქციაში მონაწილეობდნენ რეგიონის 12 მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორი და მოსახლეობა.

2. ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპი:

ტვირთის გაგზავნის პროცესს კოორდინაციას უწევდა ზვიად შალამბერიძე.
მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდებიდან შეძენილი იყო სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები და ჟანგბადის კონცენტრატორები.

შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი.
მეორე ეტაპზე იმერეთიდან გაიგზავნა 40 ტონა ტვირთი, რომელიც დასავლეთ საქართველოდან საერთო 50 ტონაზე მეტი დახმარების ნაწილი გახდა.

3. ღონისძიება უკრაინელ ბავშვებთან ქუთაისში:

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა გასართობი ღონისძიება უკრაინელი ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოში ომის გამო ჩამოვიდნენ.

ზვიად შალამბერიძემ ბავშვებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები და კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა მათ ოჯახებს.

დახმარება გაუწიეს ომის დაწყებიდან იმერეთში ჩამოსულ 200-მდე უკრაინულ ოჯახს.

უკრაინის პასუხი

თუმცა, როგორც ჩანს, ამ ყველაფრისთვის “მადლობის” ნიშნად, დღეს ჩემი სახელი და გვარის სანქცირებულთა სიაში აღმოჩენა მომიწია. მიზეზი? ჩემი საქმიანობა ჩემი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვმუშაობ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, არასდროს გადამიდგამს ნაბიჯები, რომლებიც ზიანს მიაყენებდა უკრაინას ან მის მოქალაქეებს.

ეს გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, ღიმილს იწვევს, მეორე მხრივ კი – დიდ გულისტკივილს. ის ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ზოგჯერ პოლიტიკური ინტერესები გონიერებას გასცდეს და ისეთ ღირებულებებს გადაუსვას ხაზი, როგორიცაა მადლიერება და პატივისცემა.

სარკასტული მადლობა

ამიტომ ნება მომეცით, უკრაინას გულწრფელი “მადლობა” გადავუხადო ჩემი მუშაობისა და ჰუმანიტარული ძალისხმევის ასეთი მაღალი შეფასებისთვის. ეს ნამდვილად უნიკალური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება “შეაფასო” გულწრფელი გვერდში დგომა, რომელიც ყველაზე რთულ დროს გაგიწიეს. მადლობა ამგვარი განსაკუთრებული მადლიერებისთვის.

დასკვნა

მე კვლავ მჯერა, რომ მშვიდობა, სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს ხალხებს შორის მთავარი პრინციპები. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, კვლავ ვიმედოვნებ, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, შეძლებს მეგობრების ნამდვილი სახის დანახვას და “მტრის” ძიებაში შეცდომების თავიდან აცილებას.

საქართველო, როგორც ყოველთვის, რჩება თავისუფლების, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მხარდამჭერად ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის უკრაინისთვის”, – წერს ზვიად შალამბერიძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button