,,უკრაინაში შესვლის აკრძალვა ასევე მიწის ნაკვეთების 10 წლით შეძენის აკრძალვა,,-უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 19 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სანქციები “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გარდა, სასამართლო კლანის წევრებსაც დაუწესდათ.
მედიის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის, მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა პირებს.
„ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ძალაში შევა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ. ეს სანქციები დაუწესდება საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის, რომელიც საქართველოს პუტინს აბარებს. უკრაინამ სანქციები დააწესა პირადად ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების – 19 პირის წინააღმდეგ. სწორედ მათ, ვინც ყიდის საქართველოსა და ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, მსოფლიოში ყველას, იმოქმედოს ანალოგიურად, იმოქმედოს პრინციპულად“, – ამბობს ზელენსკი თავის მიმართვაში.
ზელენსკის თქმით, დაგვიანებული ან არაპრინციპული ქმედებების შემდეგ, შესაძლოა, იყოს დაკარგული ათწლეულები და ქვეყნები, რომლებსაც წართმეული აქვთ თავისუფლება.
„არ შეიძლება არავის დაკარგვა ამ რეგიონში – არც საქართველოს, არც მოლდოვის, არც უკრაინის“, – აღნიშნავს ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქციები უწესდებათ შემდეგ პირებს: უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სანქცირებულთა სიაში არიან:
ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე – პრემიერი
გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
კახა კალაძე – თბილისის მერი
მიხეილ ჩინჩალაძე – მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი
ირაკლი რუხაძე – ტელეკომპანია იმედის მფლობელი
ლევან მურუსიძე – მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
ვიქტორ ჯაფარიძე – ქართული ოცნების დეპუტატი
დიმიტრი სამხარაძე – ქართული ოცნების დეპუტატი
გიორგი (გოგა) ხაინდრავა – პროპაგანდისტი
გიორგი კობახიძე – ირაკლი კობახიძის მამა
ზვიად შალამბერიძე – ქართული ოცნების დეპუტატი
შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
თეა წულუკიანი – იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, ქართული ოცნების დეპუტატი
ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, ჩამოთვლილი პირების სანქცირება ითვალისწინებს შემდეგს:
შემზღუდველი ზომები მოიცავს: აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას (სრულ შეწყვეტას), უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, ნაწილობრივ ან სრულ შეწყვეტას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების შეწყვეტას ან შეჩერებას, რომელთა მიღება გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობაა, უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და იმ პირების სახელმწიფო პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვას, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდებიან უცხო სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ ან მოქმედებენ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში, მის შიდა წყლებში, პორტებში უცხოური არასამხედრო გემების და სამხედრო გემების შესვლის აკრძალვას ან შეზღუდვას და უკრაინის საჰაერო სივრცეში ან უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდების შესვლის აკრძალვას ან შეზღუდვას (სრული აკრძალვა), ფასიანი ქაღალდების მიმართ, რომელთა ემიტენტებიც არიან სანქცირებული პირები, ოპერაციების სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა (სრული აკრძალვა), სავაჭრო ხელშეკრულებების, ერთობლივი პროექტებისა და სამრეწველო პროგრამების შეწყვეტას ცალკეულ სფეროებში, კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვას, უცხო სახელმწიფოებთან და უცხოურ იურიდიულ პირებთან კულტურული გაცვლის, სამეცნიერო თანამშრომლობის, საგანმანათლებლო და სპორტული კონტაქტების, გასართობი პროგრამების შეწყვეტას, უცხო ქვეყნების რეზიდენტებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმას და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის სხვა აკრძალვების გამოყენებას, ოფიციალური ვიზიტების, შეხვედრების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების გაფორმებაზე მოლაპარაკებების გაუქმებას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოებისა და სხვა აღიარების ჩამორთმევას, მიწის ნაკვეთების 10 წლით შეძენის აკრძალვას.
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და ნატოს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ. მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები დიდი ხანია შეყვეტილია. ამასთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდულად კონტაქტი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის, იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი ის თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.
2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
2024 წლის სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი.