“ალექსანდრე იაშვილი თბილისის დინამოს ფეხბურთელია”
ალექსანდრე იაშვილი, 18-წლიანი განშორების შემდეგ, თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
Sportall.ge-ს ინფორმაციით, იაშვილმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თბილისური გუნდის ვეტერანი “დინამოს” ღირსებას 1993-97 წლებში იცავდა. “იაშკას” “დინამოს” მაისურით 89 მატჩი აქვს ჩატარებული და გატანილი აქვს 84 გოლი.
მოგებული 3 ჩემპიონატის, 3 საქართველოს თასის და 2 სუპერთასის შემდეგ ალექსანდრე იაშვილმა კარიერა 1998 წელს გერმანულ “ფრაიბურგში” განაგრძო, ხოლო მანამდე მცირე ხნით “ლიუბეკში” ასპარეზობდა. “ფრაიბურგში” გატარებული 9-წლიანი პერიოდის შემდეგ იაშვილი “კარლსრუეს” შეუერთდა. 2012-13 წლების სეზონი “ბოხუმში” გაატარა და შემდეგ ბაქოს “ინტერში” გამოდიოდა. “დინამომდე” მისი ბოლო კლუბი “სამტრედია” იყო, სადაც განვლილი სეზონის მეორე ნახევარი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ “იაშკამ” ეროვნულ ნაკრებში 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.