ანა დოლიძე და ახალი პოლიტიკური პლატფორმა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით, მათ მემორანდუმს ხელი დღეს, 18 ივნისს მოაწერეს. ისინი საერთო პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს. მისი თქმით, დოლიძის მიერ თანამდებობის არდატოვებით, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება.
“დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას! როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყო კანონის დამრღვევი.” — წერს ჯანეზაშვილი.
როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ.
ახალი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკასაც გამოეხმაურნენ.
როგორც ანა დოლიძე აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური საქმიანობით ის კანონს არღვევს, უსაფუძვლოა. ამის გამო დოლიძემ ჯანეზაშვილი სასამართლო კლანთან თანამშრომლობაში და მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მეთაურობაში დააადანაშაულა.
“იუსტიციის საბჭოში მისვლის პირველივე დღიდან, გიორგი მიქაუტაძემ გამოაცხადა ორი წლის წინ, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ადგილი იუსტიციის საბჭოში არ არის. მე ზედმიწევნით ვასრულებდი და ვასრულებ კანონს, სიტყვა-სიტყვით. ძალიან ვწუხვარ, თუ ნაზი ჯანეზაშვილი იქნება მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეში.
“მე გავააქტიურე საქმიანობა, თუმცა სამართლებრივად არაფერი არ შეცვლილა. სამართლებრივი პერსპექტივიდან, პირველივე დღიდან, როცა ვიყავი იუსტიციის საბჭოში, ვაკეთებდი უმკაცრეს განცხადებებს, დავდიოდი საქართველოს პარლამენტში ნაზისთან ერთად, პოლიტიკოსებთან, დავდიოდი დემონსტრაციებზე ნაზისთან ერთად, მე ვაკეთებდი იმას, რასაც ითხოვს კანონი. ვიყავი კანონის უზენაესობის და სამართლის სადარაჯოზე.
“ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან კონკრეტულად დღეს ჰიპერაქტიულობა ჩემთან დაკავშირებით, მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას, რომლის მიზანია, დააზიანოს ჩემი იმიჯი.” — განცხადა დოლიძემ.
“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ ნაზი ჯანეზაშვილი და “სახელგატეხილი მოსამართლეები” ანა დოლიძის ერთნაირად უტევენ.
“მე იურისტი არ ვარ, იურიდიულ დეტალებზე ნუ მეკითხებით, მე შემიძლია ემოცია გითხრათ ჩემი. ნაზი ჯანეზაშვილი და გვრიტიშვილი ერთნაირად რომ ლაპარაკობენ და ერთნაირად უტევენ ანა დოლიძეს, ეს ჩემთვის გულდასაწყვეტი და დაუჯერებელიც კი არის ნამდვილად”.
ანა დოლიძის პოლიტიკური პლატფორმის წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი დოლიძის მიმართ შავი პიარის კამპანიას აწარმოებს და თუ ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ დოლიძე კანონს არღვევს, მაშინ მის წინააღმდეგ სარჩელი უნდა შეიტანოს.
“სამწუხაროდ, ამ კამპანიაში ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ჩართული, როგორიც არი ნაზი ჯანეზაშვილი. ძალიან გაკვირვებული ვარ იმითი, რომ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე, მურუსიძე და ნაზი ჯანეზაშვილი თურმე ერთ მოსაზრებებს [ახმოვანებენ]. ერთადერთი რასაც შეიძლება დაველოდოთ, ერთობლივად წავიდნენ და სასამართლოში შეიტანონ სარჩელი ანა დოლიძის წინააღმდეგ. კანონს არღვევს თუ არა, შეიტანონ მათ ეს საჩივარი სასამართლოში და ძალიან საინტერესო იქნება, ერთ ფურცელზე ვიხილო ნაზი ჯანეზაშვილის, ჩინჩალაძის და გვრიტიშვილის გვარი.” — განაცხადა კობერიძემ.
შეგახსენებთ, ნაზი ჯანეზაშვილის გარდა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ პოლიტიკური საქმიანობოს დაწყებას 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება და ამბობს, რომ ეს დოლიძის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის ხელმომწერებმაც დოლიძეს მოუწოდეს, რომ თუ უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); უფლებები საქართველო; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).