მნიშვნელოვანისიახლეები

ანრი ოხანაშვილი პოლიციას მადლობას უხდის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 5 ივლისს  ძალადობრივ აქციაზე “ჟურნალისტების დაცვისთვის” პოლიციას მადლობას უხდის. ის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე “ადეკვატური რეაგირება მოხდება”.

“იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს. იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button