მნიშვნელოვანისიახლეები

აფხაზეთის მთავრობის მეთაური ქართულ ოცნების დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი იქნება

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი დაასახელეს. როგორც ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, მგალობლიშვილის კანდიდატურის წარდგენას საბჭოს პრეზიდიუმის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

„ბატონო ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის მკვიდრი, ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთელი, წარდგენილი არის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. დაველოდებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მივიღებთ თანხმობას, მერე უკვე გაგრძელდება პროცედურები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, – თქვა ჯემალ გამახარიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის თანახმად, ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასთან ერთად უმაღლესი საბჭო ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მგალობლიშვილი, მმართველი პარტიის რიგებიდან, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც იყო. მგალობლიშვილი 1977 წელს სოხუმში დაიბადა.

რუსლან აბაშიძე, რომელიც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, თანამდებობას ტოვებს.პოსტის დატოვების შესახებ 4 სექტემბერს, დილით განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.

2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები“, – ვკითხულობთ რუსლან აბაშიძის განცხადებაში.

„ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აბაშიძე მადლობას უხდის საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის მხარდაჭერისთვის. ის ასევე მადლობას უხდის აფხაზეთის საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

რუსლან აბაშიძეს 4-წლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ძალიან მალე დაინიშნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე.

როგორც კობახიძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, სასურველია, რაც შეილება მალე შედგეს კონსულტაცია და დაინიშნოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი თავმჯდომარე“, – თქვა კობახიძემ.

პრემიერი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ რუსლან აბაშიძე სახელმწიფო სამსახურში დარჩება. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button