მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფროამერიკელის მკვლელობა და პოლიციის უფროსის გადადგომა

აშშ-ში, ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ერიკა შილდსი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აფროამერიკელ რეიშარდ ბრუკსს ესროლა. აღნიშნულმა ინციდენტმა ქალაქში აქციების ახალი ტალღა გამოიწვია. მომიტინგეებმა სწრაფი კვების ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს.

რეიშარდ ბრუკსს პარასკევს, 12 ივნისს ესროლეს. შემთხვევა Wendy’s-ის სწრაფი კვების რესტორანთან მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიცია ადგილზე რესტორნის თანამშრომლებმა გამოიძახეს. მათ პოლიციას შეატყობინეს, რომ ერთ-ერთ მძღოლს ჩაეძინა, რომლის მანქანაც საჭმლის გატანის ფანჯარასთან იდგა და სხვა ავტომანქანებს გასვლაში ხელს უშლიდა. ჩაძინებული მძღოლი 27 წლის რეიშარდ ბრუკსი იყო.

პოლიციის ინფორმაციით, მან ალკოტესტირება ჩააგდო და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბრუკსი ორ პოლიციელს ებრძვის, რის შემდეგაც ერთ-ერთ მათგანს ელექტროშოკს ართმევს და რესტორნის შენობაში შერბის. როგორც წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული, მოვლენების შემდეგი განვითარება უკვე პოლიციელის სამხრე კამერაშია დაფიქსირებული. ვიდეოზე ჩანს, რომ ბრუკსმა პოლიციელს ელექტროშოკი დაუმიზნა, რის შემდეგაც მას ესროლეს.

სასწრაფო დახმარების მისვლის დროს ბრუკსი ჯერ ცოცხალი იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რეიშარდ ბრუკსის დაღუპვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჯერ მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს, შემდეგ დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს Wendy’s-ის სწრაფი კვების რესტორანს. პოლიციამ კი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გადადგომის შესახებ ქალაქის მერმა, კეიშა ლენს ბოტომსმა განაცხადა. მისი თქმით, ერიკა შილდსმა თანამდებობის დატოვების შესახებ 13 ივნისს თვითონ მიმართა.

შილდსი ანტლანტის პოლიციის დეპარტამენტს 2016 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. სამართალდამცავ სტრუქტურაში კი, მან სულ 20 წელი იმუშავა. ქალაქის მერის განცხადებით, გადადგომის მიუხედავად, შილდსი გააგრძელებს პოლიციაში მუშაობას, თუმცა უკვე სხვა თანამდებობაზე.

ამასთან, პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარლოს კამპოსმა განაცხადა, რომ პოლიციელი გარეტ როლფი, რომელმაც სავარაუდოდ ბრუკს ესროლა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეორე პოლიციელი, რომელიც როლფთან ერთად იყო და 2018 წელს აიყვანეს, ადმინისტრაციულ სამსახურში გადაიყვანეს.

რეიშარდ ბრუკსის მკვლელობას წინ უსწრებდა ჯორჯ ფლოიდის ისტორია, რომელიც ასევე დაკავების დროს მოკლეს. ფლოიდი მინეაპოლისში დააკავეს, რა დროსაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელი დერეკ შოვინი მას კისერზე თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში მუხლს აჭერდა. ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, თუმცა შოვინმა და მასთან ერთად მყოფმა სამმა პოლიციელმა არაფერი იღონეს.

ჯორჯ ფლოიდის ამბავი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ახალი ანტირასისტული აქციების ტალღის წამომწყები გახდა. ხშირად, მშვიდობიანი აქციები ძალადობრივ სახეს იღებდა, აქციის მონაწილეები კერძო საკუთრებას ანადგურებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ, პოლიცია კი, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის იყენებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button