მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„აპლოდისმენტები”-რუსეთმა საქართველო შეაქო რადგან სანქციებს არ შეუერთდა

რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დადებითად შეაფასეს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის შესახებ.

კომიტეტი წერს, რომ საქართველო მოქმედებს სწორად და გაბედულად, გამომდინარე იქიდან, რომ არ აჰყვა “ანტირუსულ ისტერიას” და საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედება ამჯობინა.

„აპლოდისმენტები როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ აჰყვეს ანტირუსულ ისტერიას და იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. სწორედ პრიორიტეტების სწორმა არჩევანმა განაპირობა, რომ, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი შეაქვთ ქვეყანაში”, – წერია დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის განცხადებაში.

ამასობაში კი ევროკავშირი განაგრძობს მეთორმეტე “ანტირუსული” სანქციების პაკეტის ჩამოყალიბებას მანიაკალური სურვილით, რომ დაანაწევროს და გაანადგუროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სხვადასხვა სახის საქონლის ექსპორტის აკრძალვით.

“როგორც ჩანს, ეს ყოველივე საკმაოდ გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა კიევს მიაღწიეს, რეალობის შეგრძნება სრულიად დაკარგეს და სერიოზულად განიხილავენ, უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე, ყირიმში ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს”, – წერია განცხადებაში.

დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ეს ხდება „ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების ფონზე“.

ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ნოემბრის დასაწყისში მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის, შემოღების შესახებ. შეთავაზებულ ზომებს შორისაა ემბარგო რუსული ალმასებით ვაჭრობაზე.

„ასეთი „შორსმჭვრეტელი“ ევროპელი ჩინოვნიკების წყალობით, ევროპა სულ უფრო მეტად გადაიქცა მე-6 პალატად დეგრადაციის კლინიკური ნიშნებით. მათ შორის ყველა სფეროში – ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ-მორალურში. და როგორც ჩანს, საკმაოდ გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა მიაღწია კიევს, სადაც რეალობის გრძნობის სრულად დაკარგვის შემდეგ, ისინი სერიოზულად განიხილავენ ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს ყირიმში, უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე. ეს სიგიჟეა თუ დემენცია? ორივეს ნიშნები აშკარად სახეზეა“.

მანამდე ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა „საქართველოს დაცვის აქტი“, რომელიც ემსახურებოდა რუსული გავლენის შეზღუდვას. პარლამენტის ბიურომ დოკუმენტს მსვლელობა არ მისცა და ავტორებს უკან დაუბრუნა. 9-პუნქტიანი დოკუმენტი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება – სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის;
დასაქმების ბაზრის დაცვა (ეს პუნქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას);
მიწის გაყიდვის შეზღუდვა (აკრძალვა);
რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა;
რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა;
რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება;
პირდაპირი ფრენების აკრძალვა;
რუსულის სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა;
რუსული ფონდების აკრძალვა.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარე შალპა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნებოდა თავის მოტყუება და სანქციების დაწესება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„წელიწად-ნახევარია საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ სანქციებს არ ვაწესებთ. ახლა გაიგეთ? ამ რეზოლუციის დაინიცირება გჭირდებოდათ, ეს რომ გაგეგოთ?

თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დათვალოთ და ისე შემოიტანოთ ეს რეზოლუციის პროექტი. რაც შეეხება პოლიტიკას და მხარს რას დავუჭერდით, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერდით. გაცხადებულია ეს პოლიტიკა წელიწად-ნახევარია. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, სანქციებს არ ვაწესებთ. სხვათა შორის, სანქციების დაწესებას ოპოზიცია ხან ეთანხმებით, ხან არ ეთანხმებით ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 27 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მაღალჩინოსნები იწონებენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისთვის. 17 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების აღმკვეთი კომისიის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია „გამოდის თავისი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან“.

RT-სთან ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button